აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (მეექვსე)

20.07.16 21:50


1921წ. 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთს შორის, "ღრმა საერთო ეროვნული კავშირებიდან გამომდინარე", გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო, პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირის დამყარების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე "ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში აფხაზეთის შესვლას საქართველოს მეშვეობით" და არა უშუალოდ. აქედან კარგად ჩანს, რომ 1921წ. 16 დეკემბრის ხელშეკრულებით ორი თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის გაერთიანება კი არ მოხდა
, არამედ ერთი რესპუბლიკა (აფხაზეთი) შევიდა მეორის (საქართველოს) შემადგენლობაში. შემდგომ წლებში, როცა "არჩევითი" საბჭოთა ორგანოები ჩამოყალიბდნენ, ეს ფაქტი კონსტიტუციურადაც გაფორმდა. საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების I ყრილობამ 1922წ. 28 თებერვალს დაამტკიცა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის I თავის I პუნქტში ნათქვამია: "საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას – ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე".
XX ს. 20-იან წლებში ფაქტობრივად და იურიდიულად აფხაზეთი წარმოადგენდა ავტონომიურ რესპუბლიკას, ამიტომ ის არ იყო ამიერკავკასიის ფედერაციის, მით უმეტეს, 1922წ. შექმნილი საბჭოთა კავშირის სუბიექტი. ამიერკავკასიის ფედერაციის ხელმძღვანელმა ს. ორჯონიკიძემ, რომელმაც მისცა თანხმობა აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებაზე, აფხაზეთის საბჭოების II ყრილობაზე 1923წ. 21 დეკემბერს განაცხადა: "აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და თანასწორუფლებიანია ჩვენს კავშირში". საბჭოთა იმპერიის ძირითადი კანონის – სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის (1924წ.) მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა. მასში ნათქვამია: "აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბახისა და ნახიჭევანის ავტონომიური ოლქები ეროვნებათა საბჭოში თითო წარმომადგენელს აგზავნიან" (თავი IV, პ. 15). ამრიგად, რაც არ უნდა ამტკიცოს სეპარატისტულმა ისტორიოგრაფიამ, რაც არ უნდა განაცხადონ აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციითა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანით ძალიან დაკავებულმა რუსეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა, ფაქტი რჩება ფაქტად: 1924-1936 წლებში მოქმედი სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების – ავტონომიური ოლქების დონეზე (1 დეპუტატი ეროვნებათა საბჭოში) იყო წარმოდგენილი.
საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებში აფხაზეთი მაინც მოხსენიებული იყო სახელშეკრულებო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. სეპარატისტები ხშირად იშველიებენ აფხაზეთის 1925წლის კონსტიტუციას. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი კონსტიტუცია არც არსებობდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის საბჭოების III ყრილობის მიერ 1925წ. 1 აპრილს ყოველგვარი განხილვის გარეშე მიღებული კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა სსსრ კავშირის, ამიერკვაკასიის ფედერაციისა და საქართველოს კონსტიტუციებთან, არ გამოქვეყნებულ და, შესაბამისად, ძალაში არ შესულა. უფრო მეტიც, "აფხაზეთის საბჭოების III ყრილობის ბიულეტენში" (სოხუმი, 1925) გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყრილობამ დაადგინა, დასრულდეს მუშაობა აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტზე, იგი მოყვანილ იქნას ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციებთან შესაბამისობაში. რას წარმოადგენდა მაინც 1925 წლის კონსტიტუცია თუ კონსტიტუციის პროექტი? ის ძირითადად იმეორებდა საქართველოს კონსტიტუციას და აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ აცხადებდა. საქართველოსთან ურთიერთობა დაფიქსირებული იყო III თავის IV პუნქტში: აფხაზეთის სსრ, გაერთიანდა რა განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სსრ_თან, მისი მეშვეობით შედის ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში და ამ უკანასკნელის მეშვეობით – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში. II თავის V პუნქტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი როგორც სუვერენული სახელმწიფო თითქოს ინარჩუნებდა როგორც ამიერკავკასიის ფედერაციიდან, ისე საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას. რადგანაც აფხაზეთი სინამდვილეში არ იყო სუვერენული სახელმწიფო, ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრ კავშირის შემადგენლობაში უშუალოდ არ შედიოდა, მას არანაირად არ შეეძლო მათი შემადგელობიდან გასვლა. ამ "კონსტიტიციური სისულელის" (ნ. ლაკობა) და ზემდგომ კონსტიტუციებთან ზოგიერთი სხვა შეუსაბამობის გამო, ამიერკავკასიის ფედერაციისა და საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებმა გადაწყვიტეს 1925წ. 1 აპრილის დოკუმენტის აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტად გამოცხადება და მისი გადამუშავება. ინტერესმოკლებული არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ 1925 წლის "კონსტიტუციაში", რომელიც აფხაზეთს ამიერკავკასიის ფედერაციიდან და სსრ კავშირიდან ვითომ თავსუფალი გასვლის უფლებას ანიჭებდა, არ იყო ჩადებული აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის ან მასთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულების დენონსირების უფლება.
აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის გადამუშავება 1926 წ. დასრულდა. საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებში შევიდა საერთო თავი, როემლიც არეგულირებდა ურთიერთიერთობებს საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ორივე კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ "აფხაზეთი განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში და მისი მეშვეობით ამიერკავკასიის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში". ისინი მკაფიოდ მიჯნავდნენ უფლებამოსილებას თბილისსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, მიწათმოქმედებისა და სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიეტები (სამინისტროები) საქართველოს შესაბამისი კომისარიატებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, თუმცა ვალდებული იყვნენ მათი მუშაობის შესახებ ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. აფხაზეთის სახალხო მეურნეობის საბჭო ემორჩიელბოდა როგორც აფხაზეთის მთავრობას, ისე საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს. ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რწმუნებულები საქართველოს კომისარიატების ორგანოებს წარმოადგენდნენ, თუმცა ვალდებული იყვნენ ანგარიში აფხაზეთის მთავრობისთვისაც წარედგინათ.
1931 წლის 11 თებერვალს, სსრ კავშირის მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ აფხაზეთის სსრ-ს სახელი გადაარქვა და აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (აფხაზეთის ასსრ) უწოდა. როგორც 1931 წლამდე, ისე სახელის გადარქმევის შემდეგაც აფხაზეთი იყო და დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, თანაც 1926 წლის კონსტიტუციით განსაზრვრული უფლებამოსილებებ უცვლელი დარჩა. ამიტომ ყოველგვარი საუბრები ი. სტალინის მიერ დამოუკიდებელი~ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში გადაცემის შესახებ საფუძველს მოკლებულია. ეს ყველაფერი ისტორიის ფალსიფიკატორთა მორიგი მონაგონია.
XXს. 30-იან წლებში საბჭოთა იმპერიაში მიმდინარეობდა ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და უნიტარიზაციის პროცესი. ამ პროცესის ფარგლებში 1935წ. 7 იანვარს აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კომისარიატი საქართველოს შესაბამის კომისარიატებს ექვემდებარებოდა (მუხლი 42). საბჭოთა კავშირის უნიტარიზაციისა და მართვის ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი 1936წ. 5 დეკემბერს ე.წ. სტალინური კონსტიტუციის მიღებით დასრულდა, რომელსაც მოჰყვა უნიფიცირებული კონსტიტუციების მიღება მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში (1937წ. 13 თებერვალი) და აფხაზეთში (1937წ. 2 აგვისტო). ამ კონსტიტუციების მიხედვით, სახელმწიფოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გამგებლობაში არ რჩებოდა.
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრუალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი "თვითშემოქმედების" გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა ("აფხაზურ სკოლებში" სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო "ღონისძიებას" წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა.

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები