პოლიტიკა

პირველი აპრილიდან პლასტიკის პარკები სრულად აიკრძალება

21.03.19 11:00


2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. დაშვებული იქნება ნებისმიერი სისქის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციით, განსაკუთრებით პლასტიკის ერთჯერადი პარკებით ბინძურდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები, ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას.

პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება.

ბიოდეგრადირებადი პარკი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზეა წარმოებული. ამ ტიპის პარკი გარემოში დაშლას რამდენიმე თვეში იწყებს და ორ წელიწადში სრულად იშლება.

ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს სავალდებულო ინფორმაცია, პარკის მწარმოებელი, პარკის სისქე, პარკის შემადგენლობა, ასევე უნდა ჰქონდეს წარწერა – „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“.

პლასტიკის პარკი ბიოდეგრადირებული პარკისგან ვიზუალურად არ განსხვავდება. მსხვილი სავაჭრო ქსელები საქართველოში იყენებენ ბიოდეგრადირებულ პარკებს, რომლებიც ერთი შეხედვით პოლიეთილენის პარკს ჰგავს, მაგრამ ნაკლებად გამძლეა.

რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევაზე კონტროლი რამდენიმე უწყების ფუნქციაში შედის:

პარკების წარმოებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს, პარკების იმპორტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პარკების რეალიზაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.






წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები