პოლიტიკა

უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, სანქციების სიაში მოხვდნენ საქართველოს მოქალაქეებიც

21.03.19 13:30


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს. როგორც უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, შავ სიაში მოხვედრილ პირებს უკრაინაში ანგარიშებს დაუყადაღებენ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. სანქციები სამი წელი იმოქმედებს. უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა. სანქციების მიზეზებად დასახელებულია: ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა; უკრაინის სამხედრო გემების და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა; ყირიმში უკანონოდ ჩასვლა; ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება; უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება;

დაწესებულ სანქციებში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებთა ელჩი ოლეგ არშბა, დე ფაქტო პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრები ბახვა თედეევი, რუსლან თედეევი, დავით გაზაევი, იგორ ჩოჩიევი და იგორ ყოჩიევი.ისინი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებულ ე.წ „არჩევნებზე“ დამკვირვებლებლად იმყოფებოდნენ.

848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის უკრაინამ სანქციები დაუწესა არიან ავსტრიის, ბელგიის, ბრაზილიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აშშ-ისა და უნგრეთის მოქალაქეებიც. სანქციების სიაში მოხვდა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაშიც.

ინფორმაცია სანქციების შესახებ მერაბ ხალვაშმა დღეს დილით შეიტყო რადიო თავისუფლებისგან. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ამ ფაქტს უცნაურს და გაუგებარს უწოდებს. რექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სევასტოპოლში 2017 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ანტიკური პერიოდის შესახებ.

მერაბ ხალვაშის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ის ტარდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამასთან, მონაწილეთა შორის იყო "რუსეთის ანტიკოსების ასოციაცია."

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ამჟამად ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს და განმარტებისთვის უკრაინის საელჩოს მიმართავს. მერაბ ხალვაში აპირებს მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და საქართველოს საელჩოს უკრაინაში.

სიაში აღმოჩნდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამრომელი მირანდა თურმანიძეც, რომელიც რამდენიმე წლის წინ სევასტოპოლიდან მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიუღია. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი აპირებს განმარტებისთვის მიმართოს უკრაინის საელჩოს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები