პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იუსტიციის სამინისტროს მომავალ გეგმებში ოპტიმიზმი დავინახე

21.03.19 14:45


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტში კიდევ ერთი საინტერესო „მინისტრის საათი" გაიმართა.

მისი განცხადებით, მინისტრის საათის ფორმატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალი რეგლამენტი და რეფორმა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გაკეთდა, იყო სწორი და ამ მიმართულებით პარლამენტში საინტერესო პროცესები იგეგმება.

„პარლამენტში გვაქვს უფრო აქტიური და საინტერესო დისკუსია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხზე ოპოზიციას, უმრავლესობას და ნებისმიერ დეპუტატს აქვს კითხვის დასმის შესაძლებლობა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი იუსტიციის მინისტრის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ოპოზიციონერ დეპუტატებს საქმისადმი მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„გუშინ და დღესაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

კოლეგებო, თქვენ შეკითხვებში და გამოსვლებში ვერ დავინახე, რომ თქვენ გაინტერესებთ მომავალი და თქვენ გაინტერესებთ საქმე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი აკეთებს. ხომ შეიძლება 100 კითხვიდან ერთი მაინც დასვათ საქმეზე? გასაგებია, რომ თქვენს წარსულთან დაკავშირებით კომპლექსი გვაწუხებს და გინდათ ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაფარავთ! უბრალოდ გამოდით თქვენი წარსულის კომპლექსიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მათი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენა და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრს ახლა უწევს წარსულში გაფუჭებული საქმეების გამოსწორება.

„მადლობა მაინც თუ გადაუხადეთ თეა წულუკიანს თქვენი გაფუჭებული საქმეები რომ აკეთა წლების განმავლობაში. 3600 ადამიანი რომ უნდა მოგეძებნათ და გამოგეკითხათ და 120 ადამიანის სია რომ დადეთ და ისინიც არ გამოკითხეთ წესიერად. ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ რუსეთთან მოგებულ საქმეზე. მსოფლიო პრეცენდენტია, რომ პატარა ქვეყანამ სტრასბურგში ამხელა სახელმწიფოს მოუგო საქმე, თან ისეთი საქმე, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი კონტრიბუცია აღნიშნა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მტკიცე თანამშრომლობა გაგრძელდეს. ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აქტიურად არის ჩართული ვიზა ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. მე დავინახე ოპტიმიზმი სამინისტროს მომავალ გეგმებში და ყველას მოგიწოდებთ, კოლეგებო, მეტი ოპტიმიზმით მოვეკიდოთ სახელმწიფოს მომავალს და მის ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები