ეკონომიკა

ქობულია: ბულგარეთთან რამდენიმე სექტორის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ

05.04.19 16:20


„ტექსტილის, ავეჯისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება - ამ სექტორებში ბულგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი საწარმოების შექმნით განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ“.

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით. „ხელი მოვაწერეთ ოქმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბულგარეთთან განსაკუთრებით გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობა“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. მინისტრის თქმით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იმისთვის, რომ ამოქმედდეს შუა კორიდორი და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის.

„შევთანხმდით, რომ უნდა შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავხადოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საზღვაო მიმოსვლა უფრო ეფექტური და ხშირი, ვიდრე გვაქვს დღეს. ეს დაგვეხმარება, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები“, - განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, ბულგარეთის მხარესთან ასევე განხილული იყო პირდაპირი ფრენების საკითხები. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ოქმშიც დაფიქსირდა, რომ საქართველო და ბულგარეთი იმუშავებენ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რაც დაგვეხმარება არამარტო ტურიზმის განვითარებაში, ასევე ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაში ორ ქვეყანას შორის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები