პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

15.04.19 11:15


ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სინტია ჰუგერსა (Cynthia Huger) და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების სექტორის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ამ გზით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.

ივანე მაჭავარიანმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეტაპობრივად გაიზრდება განათლების სფეროზე დახარჯული სახსრები და 2022 წლიდან, ქვეყნის მშპ-ს 6 პროცენტი ყოველთვის მიიმართება აღნიშნული სექტორის დაფინანსებაზე. მისი თქმით, აღნიშნული თანხა და ინვესტიციები განათლების სექტორის ხუთივე დონეს - სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოხმარდება.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე განხილული იქნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კორპორაციის მიერ განხორციელებული პროგრამები, გაზრდის საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას, დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები