საზოგადოება

ICAO-ს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელად საქაერონავიგაციის თანამშრომელი აირჩიეს

15.04.19 13:20


ICAO-ს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელად საქაერონავიგაციის თანამშრომელი აირჩიეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი - ევგენი თავაძე ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ICAO-ს საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფის რიგით 30-ე შეხვედრა ქალაქ ტალინში, აპრილში გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შავი ზღვის აუზის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების ქვეყნების საჰაერო ნაკადების მიმართულებების ოპტიმიზაციის და საჰაერო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობები, განისაზღვრა შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

“დარწმუნებული ვარ, ევგენი თავაძის მუშაობა ნაყოფიერი იქნება და ის დადებით წვლილს შეიტანს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაში. მინდა წარმატება ვუსურვო მას და მუდმივმოქმედ ჯგუფს საჰაერო მარშრუტების ქსელების განვითარების და საჰაერო ნაკადების რეგიონალური ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის საქმეში”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ICAO-ს თავისუფალი საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იკრიბება. ჯგუფის მისია საჰაერო მარშრუტების ოპტიმიზაციის კონცეფციის შემუშავება და მისი იმპლემენტაციაა. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს, იმ ტიპის საჰაერო სივრცის შექმნას, რომლის გამოყენების დროსაც ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ და შეძლონ შემოსვლის და გასვლის უმოკლეს წერტილებს შორის რეისის ისე დაგეგმვა, რომ არ დაჭირდეთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან წინასწარი შეთანხმება და კონკრეტული საჰაერო მარშრუტის მითითება. მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები