პოლიტიკა

პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა

15.04.19 15:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალ ალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის დათვალიერების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ბოდბის მონასტერი დაათვალიერა, ტურიზმის ამ მიმართულების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა ესწრებოდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები