პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს

15.04.19 16:40


რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავარი მიზანი ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შემცირებაა.

საქართველოს პრემიერმა რუმინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან მტკივნეული გამოწვევები. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სიტუაცია კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა.

რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები