პოლიტიკა

რუმინეთის პრემიერი: საქართველო მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი

15.04.19 17:40


რუმინეთის პრემიერმინისტრმა, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ საქართველოს პრემიერმინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეხვედრის დროს განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერს. მისივე თქმით, გაძლიერდება მცდელობა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო დინამიური გახდეს და გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა.

“გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, რომელზეც გავიარეთ სხვადასხვა საკითხი. განვიხილეთ საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარება, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა, მათ შორის – ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მყარს მხარდაჭერასა და საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს. ვისაუბრეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერაზე იმ კონტექსტში, რომ რუმინეთი 2020 წელს ხდება ევროკომისიის თავმჯდომარე და ხაზი გავუსვით აღნიშნული ინიციატივის მიზნების მიღწევას. დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა; გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ. ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიკური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წლებში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იქნება ეს ტურიზმი, თუ ხალხთაშორისი კავშირები – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ რუმინულ კომპანიებს, რათა კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომლებიც აქვს საქართველოს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს კასპიის ზღვა-შავი ზღვის პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც არის თურქმენეთსა და აზერბაიჯანთან ერთობლივი პროექტი. გვაქვს სურვილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობა, რაც დიდი პოტენციალის მქონე სფეროა”, – განაცხადა რუმინეთის პრემიერმინისტრმა.

მან კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

“ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზე. ეს ხაზს უსვამს ქართველი და რუმინელი ხალხების კავშირებს და მინდა, სიხარულით აღვნიშნო ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში და შუა საუკუნეების რუმინული კულტურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ჩვენ მას უნდა ვუმადლოდეთ სტამბის დაარსებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი სტუმრობისთვის პრემიერმინისტრს. საქართველო მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი და დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და როგორც ქართველი, ასევე რუმინელი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო შედეგებს გამოიღებს”, – აღნიშნა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები