პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა

16.04.19 13:15


საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, შავი ზღვის აუზის პერსპექტივები, სატრანსპორტო კავშირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი განიხილეს.

როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დადებითი დინამიკა და ის ფაქტი, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა.

“პრემიერმინისტრები, ასევე, მიესალმნენ საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს შავი ზღვის უნიკალური შესაძლებლობები და ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით – საბორნე მიმოსვლის მიმართულებით.

საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ ბულგარელ კოლეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა.

შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. პრემიერმინისტრმა ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – სოფო ქაცარავა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ეკატერინა ზახარიევა და ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები