საზოგადოება

იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა - რას ურჩევს საქართველოს საელჩო მომლოცველებს

18.04.19 16:40


ისრაელში საქართველოს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც იერუსალიმში ცეცხლის გარდმოსვლის ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრებიან, მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნებს.

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდმოსვლა — ყოველწლიურად, მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. წმინდა ცეცხლს „ჭეშმარიტების ნათელს" უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ, 1999 წლიდან კი მას სპეცრეისით ჩამობრძანებენ. წელს ცეცხლის გარდმოსვლა 27 აპრილს მოხდება.

„მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გარდა ამისა, საელჩომ რეკომენდაციები გასცა იმაზეც, თუ ვინ დაესწრება ცერემონიას.

„ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან საელჩო გაფრთხილებას იძლევა, რომ მოქალაქის მხრიდან პოლიციისთვის თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც წინააღმდეგობის გაწევა. გარდა ამისა, საელჩო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ არ შეიძლება მღვდელმსახურებთან კამათი.

„აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს თაღლითობის შესაძლო ფაქტებზეც აფრთხილებს.

"მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების" - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას.

იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების" მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ პოლიციას ტელეფონის ნომერზე: +972 26226100, შემდეგ კი დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღესასწაულების პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები