პოლიტიკა

გვაქვს კონკრეტული ხედვა – ეკონომიკის ახალი მინისტრი

19.04.19 15:30


საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან კარგად იცნობს ეკონომიკის სამინისტროს და აქვს კონკრეტული ხედვა, დავალებები და კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელსაც ნათია თურნავამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს იმ ნდობისთვის, რაც მე მან გამომიცხადა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოგა ქობულიას იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენ შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში.

ჩემთვის დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებული.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო”, – განაცხადა ნათია თურნავამ წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებულებით, 18 აპრილს გიორგი ქობულია თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.

მინისტრობამდე თურნავა ქობულიას მოადგილე იყო.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები