საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ჰესის მშენებლობაზე არ იყო საკმარისი კომუნიკაცია პანკისის მოსახლეობასთან

22.04.19 10:15


პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სოფელ ბირკიანში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ისინი ვერ დაარწმუნეს, რომ ჰესის მშენებლობას არ ექნება მათ ცხოვრებაზე და ეკოსისტემაზე გავლენა. ვფიქრობ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, აუცილებელია, რომ მოსახლეობა იყოს საკმარისად ინფორმირებული.

ვითარებაში, როცა პანკისის ხეობაში მსგავსი ტიპის ქმედებებს ვიცით, რომ შესაძლოა, სახიფათო გამწვავება მოჰყვეს, სანამ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, გონივრული იქნებოდა, ყოფილიყო კომუნიკაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ზოგადად, ხეობაში ბევრ საკითხზეა პროტესტი, მათ შორის მიმდინარე გამოძიებებზე.

„როდესაც ამის ფონზე ხორციელდება ძალისმიერი ქმედებები ხეობაში, საზოგადოებას აქვს ორმაგი პროტესტი და განცდა, რომ ეს არის რევანში და სადამსჯელო ოპერაცია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი შეფასებით, პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, დიალოგით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და არა, ძალისმიერი გზით. როგორც ვიცი, დაკავებულები ყველა გაათავისუფლეს.

არ ვიცი, სამომავლოდ იქნება თუ არა დაკავებების სერია, რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალს ამ პროცესს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები