საზოგადოება

ამერიკელი მეცნიერები: საქართველოში დამწერლობა ჩვ. წ/აღ-მდე ХI–X საუკუნეებში გაჩნდა

25.07.16 18:40


ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრაკლიანის გორაზე მდებარე, VII საუკუნის ტაძარში აღმოჩენილი უძველესი წარწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1005-920 წლებს განეკუთვნება.

არქეოლოგებმა 2015 წლის აგვისტოში გრაკლიანის გორაზე გათხრებისას ჩვენს წელთაღრიცხამდე VII საუკუნეში აგებული უძველესი ტაძარი და ორი საკურთხეველი აღმოაჩინეს. საკურთხევლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილი იყო დღემდე უცნობი წარმოშობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგების თავდაპირველი ვარაუდით, ეს აღმოჩენა გახლდათ დასტური იმისა, რომ საქართველოში დამწერლობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხამდე VII საუკუნეში არსებობდა.

უნიკალური წარწერა ექსპერტიზაზე მაიამის (აშშ) ლაბორატორიაში გაიგზავნა. რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან პასუხი მოვიდა: წარწერა ჩვენს წელთაღრიცხამდე ХI–X საუკუნეებით თარიღდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა დაახლოებით 3 ათასი წლის წინ გაჩნდა, ხოლო გრაკლიანის წარწერა უძველესია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულთა შორის.

აღმოჩენა სრულად ცვლის კავკასიაში დამწერლობის წარმოშობაზე შეხედულებებსა და ისტორიულ ცნობებს. დღევანდელ დღემდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებში იყო წარმოშობილი, თუმცა არქეოლოგებს ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი, რომ ფესვები ბევრად ღრმა წარსულში — ჩვენს წელთაღრიცხამდე ეპოქაში მიდიოდა.

ჩვენთვის მანამდე ცნობილი უძველესი ქართული დამწერლობის პირველი ნიმუშები მე-V საუკუნეს განეკუთვნება. ეს გახლავთ წარწერა პალესტინის ქართულ მონასტერში — დაახლოებით 433 წელი, ბოლნისის სიონის წარწერა — 493-94 წწ. ჯვრის მონასტერი — VI-VII საუკუნეების მიჯნა.

არქეოლოგების თქმით, გრაკლიანის წარწერა ჯერჯერობით გაშიფრული არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რახან ის საკურთხეველზეა ამოტვიფრული, რელიგიური შინაარსისა იქნება, რაც იმ დროს მხოლოდ ქურუმებისთვის იქნებოდა გასაგები.

თუ აღმოჩნდება, რომ გრაკლიანის წარწერა ანბანია, მაშინ დადასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წერა ფინიკიელებზე 200 წლით ადრე დაუწყიათ.

ცნობისათვის: გრაკლიანის გორა წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლს მრავალფენოვანი ნამოსახლარითა და სამაროვანით. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიანზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.

2015 წელს გრაკლიანს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ცნობები გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე მოიპოვება საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის სამეცნიერო გამოცემებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები