პოლიტიკა

პარლამენტს იუსტიციის საბჭოდან 3 არამოსამართლე წევრის გამოწვევაზე დადგენილება წარედგინა

22.04.19 14:30


“ევროპული საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის – ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის – გამოწვევას ითხოვს.

დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ შალვა შავგულიძეს ეკუთვნის და დოკუმენტს პარლამენტს “ევროპული საქართველოს” ფრაქციები წარუდგენენ.

პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება უნდა გახდეს, რისი ლუსტრაციაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მიაღწია”.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზაზა ხარებავამ, ლევან გზირიშვილმა და შოთა ქადაგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 პირისგან შემდგარი სია, ყოველგვარი კანონიერი პროცედურისა და განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე; საბჭოს არამოსამართლე წევრებმა კი უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს აღნიშნული კანდიდატების ვინაობის შესახებ, ხოლო ამ წევრებს სხდომაზე კითხვაც არ დაუსვამთ, თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები.

მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატივას გამოეხმაურა ლევან გზირიშვილი, რომელმაც აღნიშნული ზეწოლის მცდელობად შეაფასა და შალვა შავგულიძის მიერ საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე ისაუბრა.

“ჩვენ მიერ ათკაციანი სიის მხარდაჭერა იყო ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.

თუ პოზიციის დაფიქსირება – მხარდაჭერა ან პირიქით, განსაზღვრავს იმას, ჯეროვანია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება თუ არა, ეს იურისტების განსასჯელია. მე მგონია, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეწოლის მცდელობა”, – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები