პოლიტიკა

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ბათუმში სამმხრივ მინისტერიალს გამართავენ

16.05.16 0:35


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში, ძირითადად, საუბარი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაფორმდეს.

”გავიარეთ დეტალები, რომელიც სამინისტროების დონეზე მუშავდებოდა. შევჯერდით დოკუმენტზე და მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს შევიკრიბოთ ბათუმში. იმედი მაქვს, ორივე მინისტრი გვეწვევა ბათუმში და ეს სამმხრივი მინისტერიალი და მისი საქმიანობა ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ სახეს მიიღებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.

"საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქულ მხარეს ამ შემთხვევაშიც - სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში. ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე, რომ მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები