აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (მერვე)

25.07.16 20:40


თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო
. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული.

1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა.

დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა.

1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს.

ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში).

ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით.

სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე "ისტორიული სამართლიანობის" ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს.

შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ "ისტორიული არგუმენტების" უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა.

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები