ეკონომიკა

თბილისში მსოფლიო ბრენდის სასტუმრო გაიხსნა

02.05.19 17:30


თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, დღეს ახალი სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (Wyndham Grand Tbilisi) გაიხსნა.

ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაცინვესტირების ძალიან მაღალ დონეს გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ახალი სასტუმრო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია, დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.

პრემიერმა ინვესტორებს მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძემ სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის კულტურის სფეროსთან თანამშრომლობის კუთხით სამაგალითოდ შეაფასა ის ფაქტი, რომ ინვესტორმა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული 3650 კვ.მ ფართი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

„აღნიშნული სასტუმრო მართლაც ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა მუზეუმების უბანში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფართი გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი კულტურის სფეროსთან. მთავრობა ასეთ პროექტებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, სადაც თითოეული ინვესტორი გრძნობს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად ვითარდება, წინ მიდის და საქართველოში ჩადებული ინვესტიციები გენერირებენ უკუგებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმრო, რომელიც მოდერნისა და ძველი არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს, 158 ნომერს მოიცავს, მათ შორის 17 მაღალი კლასის, ხოლო 2 - უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი ნომერია. სასტუმროს ასევე აქვს საკონფერენციო სივრცეები.

Wyndham Grand Tbilisi-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, ხელისუფლების, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები