საზოგადოება

თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება

14.05.19 13:00


კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ 50 ერთეული MAN-ის მარკის, ახალი 10-მეტრიანი ავტობუსები გადასცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

ავტობუსები მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინეს.

2018 წლის ივლისში თბილისის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც თეგეტა მოტორსის შვილობილმა კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. კომპანია გახლავთ „Man Truck and Bus AG“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

„MAN Truck and Bus AG“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასსა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დედაქალაქს, ჯამში, შეემატება 90 ერთეული, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion’s City A47“ ავტობუსი.

ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მათთვის სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად.

ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსებს აქვთ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე, USB-დამტენები. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება უსაფრთხოების უახლეს ევროპულ სტანდარტებს.

MAN Lion’s City M ტიპის ავტობუსები, სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გარდა, გამოირჩევა სამი ექსტრაგანიერი უსაფეხურო ასასვლელის მქონე კარით და დაბალი იატაკით. კარის ასეთი კონცეფცია გაჩერებებზე დაყოვნების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს და თბილისის ქუჩების განტვირთვაში შეიტანს წვლილს.

„თეგეტა თრაქ & ბასი“ 2006 წელს დაარსდა. კომპანია სპეციალიზდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეცტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისთვის „თეგეტა თრაქ & ბასი“, ასევე, გახლავთ მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში, როგორებიცაა SCHMITZ CARGOBULL, Meiller Kipper, CIFA და სხვა.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები