საზოგადოება

საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად აირჩიეს

14.05.19 16:30


ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) შეხვედრაზე საქართველო ერთხმად, კენჭისყრის გარეშე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად, 4 წლის ვადით აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში 2020-2023 წლების ვადით საერთო ჯამში გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 8 ახალი წევრი აირჩა. წევრობის მანდატი მოიცავს 2020-2023 წლების პერიოდს.

მათივე ინფორმაციით, გაერო-ს სტატისტიკის კომისია (UNSC), რომელიც დაარსდა 1947 წელს, გლობალური სტატისტიკური სისტემის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მთავარ სტატისტიკოსებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომისია შედგება გაეროს წევრი 24 ქვეყნისაგან, რომლებიც თანაბარი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე აირჩევიან გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ, შემდეგი პრინციპით: 4 წევრი - აღმოსავლეთ ევროპოის ქვეყნებიდან, 7 წევრი - დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან, 4 წევრი - აზიის ქვეყნებიდან, 5 წევრი - აფრიკის ქვეყნებიდან,4 წევრი - ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან.

საქსტატის ცნობით, გაერო-ს სტატისტიკის კომისია წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე, სტატისტიკური საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს - სტატისტიკური სტანდარტების დანერგვის, კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების შემუშავებისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხორციელების კუთხით.

„ამასთან, კომისია ზედამხედველობას უწევს გაერო-ს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მუშაობას და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფუნქციონალურ ორგანოს წარმოადგენს.

საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრი პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოდგენს უდიდეს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით.

კომისიის წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მზაობას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონსაერთო მიზნების მისაღწევად, რაც ეროვნული სტატისტიკის სისტემის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები