პოლიტიკა

გიგი წერეთელი - ასეთი დაძაბულობა, რაც ზუგდიდშია, იმის მანიშნებელია, რომ შეიძლება ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდეს

15.05.19 15:00


ასეთი დიდი დაძაბულობა, რაც ზუგდიდშია, იმის მანიშნებელია, რომ შეიძლება, ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მოახლოებული შუალედური არჩევნების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ვითარება გართულებულია, რაზეც ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსთან ისაუბრა.

„როგორც ვხედავთ, არჩევნები უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის, ძალიან გართულებულია ვითარება, განსაკუთრებით ზუგდიდში. სწორედ ამის გამო სანდრა რულოვსმა და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ითხოვეს შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს მათი ინფორმირება და იმის პრევენცია, რომ არჩევნების დღეს არ იყოს ბრძოლა და არ ვიხილოთ ის სურათი, რაც სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ვიხილეთ. ახლაც უკვე ასეთი დიდი დაძაბულობა, რაც ზუგდიდშია, იმის მანიშნებელია, რომ შეიძლება, ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდეს და ეს საქართველოს რეპუტაციას კიდევ ერთხელ დააზიანებს. ვინაიდან არ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, სწორედ საელჩოებს ეთხოვათ, რომ გარდა მათი ყურადღებისა და განცხადებებისა, მათი წარმომადგენლები ადგილებზეც იყვნენ, იქნება ეს ზუგდიდი, მთაწმინდა თუ სხვა, სადაც არჩევნები და ვითარების გამწვავების საფრთხეა. ვხედავთ, რომ ადგილზე ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები უკვე ძალიან ცუდი მიმართულებით გააქტიურდნენ“, - განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„დარწმუნებული ვარ, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც საქართველოშია წარმოდგენილი, ეყოლებათ დამკვირვებლები, იქნება მათი აქტივობაც და სწორედ ამაზეა ჩვენი შეთანხმება“, - აღნიშნა წერეთელმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები