პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

15.05.19 16:00


საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან ფართო პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართვეელოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრაზე აღინიშნა.

პრეზიდენტმა ტოკაევმა პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს, დელეგაციასთან ერთად, “აკორდას” სასახლეში უმასპინძლა.

„საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობაზე, რომლის ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების კონკრეტულ გზებზე უნდა იმსჯელონ. პრემიერის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დღეს ხელმოწერილი საგზაო რუკაც, რომელიც 2019-2022 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებას გულისხმობს.

დადებითად შეფასდა ინვესტიციების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ამ კუთხით არსებული მიღწევები. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ორი ქვეყნის პორტების თანამშრომლობის გააქტიურება“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი და ამასთანავე, ასტანას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მამუკა ბახტაძეს წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ყაზახეთში 9 ივნისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები