პოლიტიკა

თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი გაიხსნა

16.05.19 12:30


საბურთალოს რაიონში დღეს ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი (ე.წ „წითელი ბაღი“) საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, საბურთალოს ამ ლამაზი პარკიდან მივესალმო თბილისს და სრულიად საქართველოს. დღეს ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ.

მიხარია, რომ შევძელით და თბილისს, საბურთალოს ვაჩუქეთ ეს ლამაზი სივრცე. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს როგორი მოვლილი, გალამაზებულია. არ იფიქროთ, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი, კახი კალაძე აკეთებს. ჩემს უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოწესრიგებული, მეტად გამართული ინფრასტრუქტურით, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით. ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვეუბნები და ახლაც გავიმეორებ - არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში საქმიანობ, რა მიმართულებით მუშაობ, წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი ყოველდღიური შრომით აბედნიერებ სხვებს. ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაბედნიეროთ ჩვენი მოქალაქეები. მჯერა, ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით. საზოგადოების თანადგომას ძალიან ვაფასებთ, ძალიან ვუფრთხილდებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე, რომელმაც ერთი ნომერი სტეფანესთან ერთად შეასრულა.

ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკის გახსნას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის („წითელი ბაღი“) რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ,,დეკის’’ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად შეიცვალა საპარკე ავეჯი და დამატებით განთავსდა სეპარირების ურნები, ასევე, მოეწყო ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტემა და განათება. დაითესა ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები, მათ შორის: ფოტინია, სურნელოვანი ოსმანთუსი, მარადმწვანე ძახველი, ლელანდიის კვიპაროსი, არღავანი, იაპონური სოფორა, ნეკერჩხალი. პარკის გარშემო კი მოეწყო დაახლოებით 700-მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი. გარდა ამისა, ბაღში დაიდგა საინფორმაციო დაფა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ნიადაგში მოხვედრილი ნარჩენის სრულად დაშლის პერიოდის შესახებ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები