პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებსა და ბიზნესსექტორის ქალ წარმომადგენელებს შეხვდა

17.05.19 14:45


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოსთავმჯდომარე – თამარ ჩუგოშვილი და საბჭოს წევრი – გუგული მაღრაძე ლიეტუვას სეიმის წევრებსა და ბიზნესსექტორის ქალ წარმომადგენელებს შეხვდნენ.

საუბარი გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას შეეხო.

ქართულმა მხარემ სტუმრებს ქალების ეკონომიკურ გაძლიერების კუთხით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, გუგული მაღრაძის შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ბევრი მიმართულებით.

„ლიეტუვას სეიმის წევრები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ფრაქციას, რომელიც მუშაობს სოციალურ, საბიუჯეტო, ფინანსურ და გენდერულ საკითხებზე. ჩვენ მათ გავაცანით გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ის პრობლემები, რაც არსებობს მამაკაცისა და ქალის არათანაბარ ანაზღაურებასთან და დიდ ბიზნესში ქალთა მცირე წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ვესაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენ ახლა ძირითად აქცენტს განათლებაზე ვაკეთებთ, კერძოდ, ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე და, ასევე, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებაზე, იმიტომ, რომ ეს არის სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ლიეტუვაშიც არის განსხვავება მამაკაცისა და ქალის ხელფასში და, ასევე, სხვა ბარიერებიც, რაც ჩვენთან არის, მაგალითად, ქალებს, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ, პრობლემები ხვდებათ საბავშვო ბაღებსა და ბაგებში ბავშვის დატოვების.

ამასთან დაკავშირებით, მათ აქვთ ძალიან საინტერესო იდეა, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი საჯარო ბაღები გადატვირთულია, მაშინ ხელისუფლებამ გასცეს ვაუჩერი – თანხა იმისთვის, რომ ადამიანმა ბავშვი კერძო ბაღში მიიყვანოს. ლიეტუვას ბიზნესსექტორის ქალ წარმომადგენელებს აქვთ საერთაშორისო ფედერაცია. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყანაში ქალ ბიზნესმენებთან დაამყარონ კავშირები, გაცვალონ გამოცდილება, ბიზნესიდეები და განახორციელონ ერთობლივი პროექტები”, – განცხადა შეხვედრის კომენტირებისას გუგული მაღრაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები