პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე შვედეთის ელჩს ურლიკ თიდესტრომს შეხვდა

17.05.19 15:45


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვედეთის ელჩთან ურლიკ თიდესტრომთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ შვედეთის გამოცდილების გაზიარება აუცილებელია საქართველოსთვის, რადგან შვედეთი არის სახელმწიფო, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან, მაგრამ არ არის ნატო-ს წევრი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

„როგორც ელჩი აცხადებს, შვედეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მიაჩნია, რომ ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი წევრობა რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ბურჯანაძემ საქართველოსთან მიმართებაში იგივე პოლიტიკური ხედვა დააფიქსირა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო. ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობას და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, საქართველოს პრეტენზია ჰქონდეს ევროკავშირის წევრობაზე, ორიენტირად ასახელებდეს ევროპას და ამავე დროს, ქვეყანას მართავდეს ოლიგარქი, რომელიც სახელმწიფოებრივ საკითხებს საკუთარი ინტერესების მიხედვით წყვეტს.

შვედეთის ელჩი დაინტერესდა, როგორი იყო ნინო ბურჯანაძის ხედვა და რა გეგმები აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ურლიკ თიდესტრომს დეტალურად გააცნო პარტიის უახლოესი გეგმები, ისაუბრა დელეგატთა ყრილობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება და აღნიშნა, რომ ის აპირებს ბრძოლას, რათა უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო შეიცვალოს, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„საუბრის ერთ-ერთი თემა ეკონომიკური განვითარება და შვედეთში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები იყო.

ელჩმა გაიხსენა, თუ რამდენად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა შვედეთს და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები. ურლიკ თიდესტრომმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება, თუ საქართველო ამ მიმართულებითაც გაიზიარებს მეგობარი შვედეთის გამოცდილებას. ბურჯანაძემ თიდესტრომს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ორი ქვეყნის თანამშრომლობას აუცილებლობად მიიჩნევს“, - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები