პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე უკრაინის ელჩს შეხვდა

20.05.19 13:45


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო.

„ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს დაუდასტურა მისი კეთილგანწყობა და პატივისცემა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ თავად უკრაინელი ხალხისგანაც ყოველთვის გრძნობდა კეთილგანწყობას.

ბურჯანაძემ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საუბარში წუხილი გამოთქვა იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ზედმიწევნით გაიმეორა საქართველოს ხელისუფლების შეცდომები, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე რუსეთან მიმართებაში. ამ საკითხზე ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბატონი ზელენსკი შეძლებს პოზიტიური ძვრების მოხდენას და რუსეთის სახელმწიფოსთან დიალოგის რეჟიმში გადასვლას.

საუბრის მეორე ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

ნინო ბურჯანაძემ უკრაინის ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და ამასთანავე, გაუზიარა თავისი შეხედულება არსებული საარჩევნო სისტემის მანკიერ მხარეებზე, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დაბალ ხარისხზე და ერთპარტიულ მმართველობაზე. ნინო ბურჯანაძემ უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ის და მისი გუნდი იბრძოლებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, რაზეც ბატონმა ელჩმა უპასუხა, რომ განსაკუთრებული ინტერესითა და ყურადღებით დააკვირდება ნინო ბურჯანაძისა და მისი გუნდის პოლიტიკურ აქტივობებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები