ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (IV-VIII სს) თავი II. აფხაზეთის ზღვისპირა ძეგლები (ნაწილი I).

26.07.16 19:55


ბიჭვინთა უაღრესად რთულ და საინტერესო ძეგლთა კომპლექსს წარმოადგენს. დასახლებათა ეს სისტემა ქალაქის ზღუდის გარეთაც ფართოდ ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ეკონომიკურ "ქვეყანაში" მოსახლეობის გარკვეულ კონცენტრაციას გულისხმობს. სწორედ ამაზე მეტყველებს მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბიჭვინთის კონცხზე გამოვლენილი ტაძრების სიმრავლე, რაც იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ სამწყსოს ძირითად კონტიგენტს აქ რომაელ ჯარისკაცებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეადგენდა. უშუალოდ გალავნის შიგნით, ე.წ. III უბანზე, რომელიც ბიჭვინთის ნაქალაქარის ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი, 4 სხვადასხვა დროის ეკლესიის


36
ნანგრევებია დადასტურებული, რომლებიც ერთიმეორეზეა დაშენებული (ტაბ. I,1). ბიჭვინთის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, მათ შორის მოზაიკა, სხვადასხვაგვარადაა დათარიღებული, მაგრამ ძირითადი ქრონოლოგიური ჩარჩოები IV-VI სს-ებით არის განსაზღვრული.

ნაქალაქარის ე.წ. ეკლესიების უბნის, III ნაკვეთის, სტრატიგრაფიულ სურათში გარკვეული სიცხადე შეიტანა 1970-73 წლების საველე სამუშაოებმა, დადასტურდა ურთიერთმონაცვლე 5 სამშენებლო დონე [აფაქიძე ა., 1977, გვ. 39-63]. ბიჭვინთის უძველესი ეკლესია (ქვემოდან II სამშენებლო დონე) წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, ნახევარწრიული აფსიდით შენობის მთელ სიგანეზე. ნაგებობის ზომებია: 25X10 მ, კედლის სისქე 0,8 მ (ტაბ. I,2). ეკლესიის აფსიდაში აღმოჩნდა ადრექრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის ჭურჭლის ფრაგმენტერბი (ტაბ. XII,2), რომელიც საგანგებოდ იქნა შესწავლილი ნ. უგრელიძის მიერ და IV ს-ის პირველი ნახევრით განსაზღვრული [უგრელიძე ნ., 1983, გვ. 105-106]. ი. ციციშვილის მიერ ეს ბაზილიკა IV ს-ის დასაწყისით თარიღდება [ციციშვილი ი., 1977, გვ. 100]. ძეგლის უახლოეს ანალოგს ნოქალაქევში გამოვლენილი უძველესი ეკლესია წარმოადგენს – დარბაზული ნაგებობა, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც IV ს. I ნახევრიT თარიღდება [ზაქარაია პ., კაპანაძე თ., 1991, გვ. 166-7, 261]. რ. რამიშვილის აზრით, ბიჭვინთის უძველესი ეკლესია სტრატიგრაფიული მონაცემებით და არქეოლოგიური მასალებით შეიძლება დათარიღდეს III ს-ის 70-80-იანი წლებით და

37
ნასტაკისის III ს-ის II ნახევრით დათარიღებულ დარბაზულ ეკლესიასთან ერთად უნდა ჩაითვალოს უძველეს ქრისტიანულ ნაგებობად საქართველოს ტერიტორიაზე [რამიშვილი რ., 1999, გვ. 4].
III-IV სს-ში ბიჭვინთა მძლავრ აღმავლობას განიცდის, თუმცა IV ს-ის 70-იან წლებში ჰუნების დამარბეველმა ლაშქრობამ დიდი დარტყმა მიაყენა მას, რაც კარგად დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებით, გლიპტიკური ძეგლების და ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. ბიჭვინთის სამაროვანზე III-IV სს-ის 26 ბეჭედია აღმოჩენილი, IV-ს-ის 70-იანი წლებიდან მოყოლებული V ს-ის ჩათვლით საბეჭდავი ბეჭდები არ მოგვეპოვება, VI ს. მხოლოდ ერთი ფარაკიანი ბეჭედია ცნობილი იუსტინიანე I-ის გამოსახულებით [მშვილდაძე მ., 1994, გვ. 106-107]. IV საუკუნე ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალის უჩვეულო სიუხვით (500-ზე მეტი მონეტა) გამოირჩევა, რომელთა უმრავლესობა ანტიოქიაშია მოჭრილი (104), რაც კარგად ადასტურებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ორ ადრექრისტიანულ ცენტრს – ანტიოქიასა და ბიჭვინთას – შორის. თითქმის თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი მცირე აზიის ქალაქების: ნიკომედიის (48), ქიზიკისა (44) და კონსტანტინოპოლის (40) საფასეები; საინტერესოა, რომ IV ს-ის მონეტებიდან არც ერთი ცალი არაა მოჭრილი საკუთრივ რომის ზარაფხანაში [დუნდუა გ., 1975, გვ. 375-413]. IV ს-ის დამდეგისთვის, როგორც ცნობილია, მთელი აღმოსავლეთის ეკლესიების ცენტრი ანტიოქია იყო. მისი სულიერი გავლენა ვრცელდებოდა არ მარტო მცირე აზიაზე, პონტოსა და აზიის

38
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, არამედ სპარსეთზე, სომხეთსა და საქართველოზე [მშვილდაძე მ., 2003, გვ. 193]. სწორედ ამ უჩვეულო აღმავლობის პერიოდში იგება მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა (ქვემოდან III სამშენებლო დონე). იგი უძველეს ბაზილიკაზეა დაშენებული და წარმოადგენს დიდ სამნავიან ნაგებობას ხუთწახნაგოვანი რამდენადმე ასიმეტრიული აფსიდით და ნართექსით, სადაც სანათლავია გამართული, მარმარილოს სვეტებით და მდიდარი მორთულობით, მოზაიკური იატაკით, რომელიც ყველაზე უკეთ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში და ნართექსში შემოინახა. ბაზილიკის ზომებია: 28,03X13,2 მ (ტაბ. I,3). ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი და საკურთხეველში დაცული ორი ბერძნული წარწერა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს ადრექრისტიანული აფხაზეთისა.

პირველად ამ მოზაიკას იხსენიებს 1915 წელს ა.ზოტოვი. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV-VI სს-თი არის დათარირებული.ჩვენის აზრით, გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი [Мацулевич Л., 1956, გვ. 153]. ეს ბაზილიკაც, სავარაუდოდ, IV ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული და იგი სტრატოფილე ბიჭვინთელის რეზიდენციას წარმოადგენდა [რამიშვილი რ., 1999, გვ. 40].
IV ს-ის შუა ხანებში ბიჭვინთამ დიდი ნგრევა განიცადა, პირველი მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა მთლიანად დანგრეულია, მაგრამ იმავე IV ს-ში ტაძარი კვლავ აღუდგენიათ: იცვლება

39
აფსიდის ფორმა, იქმნება ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდა, მცირდება ტაძრის ნართექსი, მარმარილოს სვეტებს ცვლიან ბურჯები აგურის შრეების დატანებით.

შენობის ზომებია: 28,4X14,6 მ, კედლის სისქე 0,90-1,10 მ (ტაბ. I,4) კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ამოყვანილია მქისედ დამუშავებული ზღვური კონგლონერატის ბლოკებით კირის სქელ დუღაბზე. ყველგან დაცულია რიგების ჰორიზონტალობა და წყობაში ქვის გადაბმა. აფსიდის კონგლომერატის ბლოკების წყობაში აგურის ორი რიგის შრეებია დატანილი. შიგნიდან კედლები შელესილი ყოფილა და მოხატული ფრესკებით. კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები – ყავისფერი და წითელი ფერის კვალით აღმოჩნდა საკურთხევლის ნაწილში და ჩრდილოეთის ნავში. მოზაიკური იატაკის გადარჩენილი უბნები კვლავ გამოიყენება, განადგურებული ადგილები კი კერამიკული ფილებით იფარება. ამავე დროსაა აგებული ამ უბნის გალავანი, რომელმაც ტაძარი, აბანო და სხვა ნაგებობანი შიგნით მოიქცია [ციციშვილი ი., 1977, გვ. 83-87].

IV ს-ის ბოლო მესამედში ბიჭვინთა ძირფესვიანადაა აოხრებული, რადგან ყველაზე მძლავრი ზედა ნახშირ-ნაცროვანი ფენა უშუალოდ ფარავს IV ს-ის არქეოლოგიური მასალების შემცველ ფენას. როგორც ჩანს ჰუნთა ურდოების ერთი მძლავრი ტალღა კავკასიის შავიზღვისპირეთსაც გადმოწვდა. ტაძარიც სრულიად განადგურებულია, იგი უკვე აღარ აღუდგენიათ, შუა და ჩრდილოეთ ნავში ხუთი ადრექრისტიანული სამარხია ჩაშვებული [ციციშვილი ი., 1977, გვ. 101].

40
VI ს-ის პირველ მესამედში ბიჭვინთაში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა, აშენდა ყველაზე ზედა სამშენებლო დონის კუთვნილი ეკლესია, რომელიც იმავე საკუნის 40-იან წლებში, სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ბიზანტიელების მიერვე იქნა დანგრეული ქალაქის გალავანთან ერთად. ესაა დარბაზული ნაგებობა, სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდით და ნართექსით. შენობის ზომებია: 17,45X11,6 მ (ტაბ. I,5). კედლები დაახ. 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი თავისი აფსიდით ღრმად იჭრება ძველი ბაზილიკის ნართექსში. ეკლესიის სივრცე კედლების ღრმა შვერილებით (1,92-1,96 მ) ორ ნაწილად იყოფა. გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით, რასაც ჩამოქცეული კამარის დიდი ფრაგმენტი მოწმობს. სახურავი კრამიტისა იყო. კედლები ნაგებია კონგლომერატის ბლოკებით კირის დუღაბზე, თუმცა წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც, წყობა წესიერია, დაცულია რიგების ჰორიზონტალობა. კედლები შელესილი ყოფილა, რასაც ბათქაშის შემორჩენილი უბნები მოწმობს [ციციშვილი ი., 1977, გვ. 92].

პიტიუნტის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან გარკველ მსგავსებას პოულობს ბულგარეთში კაბილეს ძეგლზე გამოვლენილი ადრექრისტიანული ბაზილიკები. აქ, ბიჭვინთის ტაძრების მსგავსად რამდენიმე (სამი) სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა.

კაბილეს I ბაზილიკა წარმოადგენს სამნავიან, ე.წ. "ელინისტური" ტიპის ბაზილიკას ნახევარწრიული აფსიდითა და ნართექსით. ტაძარი IV ს. შუა წლებშია აგებული; მისი განადგურება კი, გოთების თავდასხმას (378 წ.) უკავშირდება. II ბაზილიკაში ხდება

41
ცვლილებები აფსიდასა და დეკორაციაში. ჩნდება ბაპტისტერიუმი და სადიაკვნე. ბიჭვინთის მეორე ბაზილიკის მსგავსად აქაც ნაოსის იატაკი მოზაიკით იფარება. მოზაიკა რამდენიმე პლასტისაგან შედგება და ძირითადად ტრადიციული გეომეტრიული მოტივებითაა წარმოდგენილი. კაბილეს მესამე ბაზილიკა V ს-ის დასაწყისშია აგებული. მისი განადგურება კი 587 წელზე მოდის, როცა თრაკიელთა მიწები სისხლისმღვრელი ომების არენად იქცა [Кабиле, 1982, გვ. 156].
ბიჭვინთის ნაქალაქარის ზღუდის გარეთ, მის უშუალო სიახლოვეს, ჯერ კიდევ ქალაქის ფუნქციონირების პერიოდში ჩნდება დასახლება. იგულისხმება X ს-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, მისგან დასავლეთით 40 მ-ის მანძილზე 1980-81 წლებში გ. ლორთქიფანიძისა და ზ. აგრბას მიერ გაითხარა ადრექრისტიანული ტაძრების კიდევ ერთი კომპლექსი, სადაც ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. პირველი პერიოდი V-VI სს-ით თარიღდება, მეორე კი – VI-VII სს-ით. ბიჭვინთის დიდი ტაძრის მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1925 წელს ა. ბაშკიროვმა ჩაატარა, შედეგად მიაკვლია დიდი ბაზილიკური ტიპის სამნავიანი და სამაფსიდიანი ტაძრის ნანაგრევებს, რომელიც მან გვიანბიზანტიური ეპოქით დაათარიღა [Башкиров А., 1926, с. 39]. 1925 წელს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა სამხრეთი ფასადის კედლის ფრაგმენტები და ორი გვერდითი 4,10 მ-ის სიგანის აფსიდები, ისინი ბაშკიროვის მიხედვით, გეგმაში ნახევარწრიულია, ნახევრადექვსწახნაგა წრეში ჩასმული. აგებულია ქვიშაქვის კვადრებით, გამოუყენებიათ აგურის სარტყელებიც.

42
რომელთა რაოდენობა 2-დან 4 რიგამდე მერყეობდა. გათხრები მას ამ ორ აფსიდას შორის ჩაუტარებია, სადაც ცენტრალურ საკურთხეველს ვარაუდობდა. მან აფსიდის კედლის საძირკველი და საკურთხევლის "ფსევდო-მოზაიკური" იატაკი დააფიქსირა. ამ ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევებში ექსპედიციამ ადრებიზანტიურ, იონიური ტიპის მასიურ კაპიტელს მიაკვლია [Башкиров А., 1926, с. 35], რომლის ახლო პარალელია ვაშნარის ბაზილიკის მცირე მარმარილოს სვეტისთავი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 30-31]. აღნიშნული ბაზილიკა ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ახ.წ. VI-VII სს-ით დაათარიღა. ძეგლი სამაფსიდიან ბაზილიკას წარმოადგენს. მისი ზომებია: 17,5X7,60 მ (ტაბ. I,8).

კედლების სისქეა 0,80 მ. წყობა შერეულია, ჩრდილოეთი კედელი opus mixtum-ითაა ნაგები, აგურის 4 რიგის გამოყენებით. შეიმჩნევა რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი, რაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ძეგლის ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე მიუთითებს, VI ს-დან დაწყებული, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე [Лордкипанидзе Г., Агрба В., 1982, с. 28]. სამხრეთ აფსიდის ქვეშ ექსპედიციამ კიდევ უფრო ადრეული (6,1 მ სიგანის, სიგრძე ვერ დგინდება) V-VI სს. მცირე ეკლესიის ნანგრევები გამოავლინა, ესაა დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. აქვე აღმოჩნდა მარმარილოს პროფილირებული ბაზა, სვეტის ძირი და სხვა ნაწილები [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 30-31]. ეკლესიის აღმოსავლეთით ისევე, როგორც თავად ტაძარში, რამდენიმე უინვენტარო

43
ადრექრისტიანული სამარხი დადასტურდა. სამარხები ძირითადად ბრტყელი კრამიტით, აგურითა და ქვიშაქვის ფილებით იყო ნაგები. ჩრდილოეთი აფსიდის დასავლეთით გაითხარა მონოლითური ქვის ანთროპომორფული ფორმის სარკოფაგი, მისი ზომებია: 2X0,4X0,3 მ, კედლების სისქეა 5 სმ (ტაბ. XV,2,3). ყველა სამარხი ქრისტიანული წესის დაცვითაა გამართული [Лордкипанидзе Г., Агрба В., 1982, с. 30-31].

ბიჭვინთის ნაქალაქარიდან 400-500 მ მანძილზე სამხრეთით 1963 წელს თ. მიქელაძის მიერ გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი გეგმით უჩვეულოა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს, აღმოსავლეთით ორი, სრულიად ტოლი გაზიდული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. შენობის ზომებია: 28,5X14 მ (ტაბ. I,6). კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, აქა-იქ აგურის გამოყენებით. აფსიდისა და კედლების გაყოლებით მერხები შემოინახა.

ტაძარს ექვსი შესასვლელი აქვს: ორ-ორი – სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთი მხრიდან. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შუაში პილასტრები აქვთ. ტაძრის ცენტრში, ძირითადი პილასტრების გადაკვეთაზე, დგას მძლავრი სწორკუთხა ბურჯი. ეკლესიის შიდა მოპირკეთებაში გამოყენებული ყოფილა თეთრი მარმარილო. აღმოჩნდა მცირე ზომის მთლიანი ქვისგან ნაკეთები სვეტები, რომელთაც ოთხკუთხა ბაზა აქვთ და ცილინდრული კორპუსი. ეს უკანასკნელი ორნამენტირებულია [მიქელაძე თ., 1963, გვ. 125-127].

44
ბიჭვინთის ორნავიანი ბაზილიკის ყველაზე ახლო პარალელია ქუთაისის ორნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია (თავდაპირველად იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო). ო. ლანჩავა საერთო მონაცემებით ქუთაისის ორნავიანი ეკლესიის ფუნქციონირებას VI-VII სს-ით განსაზღვრავს [ლანჩავა ო., 1996, გვ. 144-147]. თ. მიქელაძის აზრით, ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია V ს-ის დასასრულსა და VI ს-ის დასაწყისში უნდა აეგოთ, ხოლო XII ს-ში ძეგლი, როგორც ჩანს, წყვეტს არსებობას, რასაც სამხრეთი ნავის დასავლეთი კარის ზღურბლზე კედლებისა და გადახურვის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი იმპ. ნიკიფორე III ბოტინიატის (1078-1081 წწ.) 5 ოქროს მონეტა ადასტურებს [მიქელაძე თ., 1963, გვ. 129].

ბიჭვინთის კონცხს განეკუთვნება კიდევ ერთი არქიტექტურული კომპლექსი სოფ. ალაჰაძეში, "აჰაშნიხ" ბორცვზე. ნანგრევები სოფ. ალაჰაძის ტერიტორიაზე დიდი ხანი იქცევდა სიძველეების მოყვარულთა და მოგზაურთა ყურადღებას. მაგ., XIX ს. 80-იან წლებში ალაჰაძეში მიკვლეულმა ნანგრევებმა პ. უვაროვას ყურადღება მიიქცია და, როგორც ცნობილია, 1886 წელს მან დაიწყო ამ ნანგრევების გათხრა-გაწმენდა, მოხერხდა ამ ნაგებობის გეგმის მოხაზვაც. უვაროვას მიერ გამოქვეყნებული მასალა ეჭვს არ იწვევს, რომ გაწმენდილი ნაგებობა სამაფსიდიანი მცირე ეკლესიაა. ამ ეკლესიის გათხრისას პ.უვაროვას არქეოლოგიური მასალა არ შეხვედრია. ამის გამო გამთხრელი თვლიდა, რომ მის მიერ გამოვლენილი მცირე ეკლესია თავის დროზე უნდა გაეძარცვათ და მერე დაენგრიათ [Уварова П., 1894, გვ. 11].

45
სინტერესო დაკვირვებები აქვს აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მკვლევარს ი. აძინბას. იგი თვლიდა, რომ პ.უვაროვას მიერ გაწმენდილი პატარა სამაფსიდიანი ეკლესია ადრე შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა. ი. აძინბამ სცადა ტოპონიმის, ბორცვის სახელის – "აჰაშნიხ" – ახსნა -"ახაშ" – აფხაზურად ნიშნავს ტყის მსხალს, "ნიხა" – ხატს, ღვთაებას [Адзинба И., 1958, с. 26].

1970 წელს საძიებო თხრილების გაჭრისას სამაფსიდიანი მცირე ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთით ორიოდე მეტრზე დიდი სამნავიანი ტაძრის ნანგრევები აღმოჩნდა [აფაქიძე ა., აგრბა ზ., 1977, გვ. 19-27]. ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობის ისტორიის აღდგენა შესაძლებელი გახდა 1985-86 წლებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად [Хрушкова Л., 1990, с. 45-50]. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის სამი ეკლესია. ¹1 ეკლესია დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. მისი გარეთა ზომებია: 50X28 მ. ცენტრალური აფსიდა შვიდწახნაგოვანია, გვერდითები კი ნახევარწრიული. დასავლეთით მოთავსებულია ნართექსი, რომლის სიგანე მხოლოდ ცენტრალური ნავის სიგანეს უდრის. გვერდითი ნავები ვიწროა. საყრდენ ფუნქციას ასრულებდა მასიური ბოძების 5 წყვილი (ტაბ. I,7). ბაზილიკის კედლები ნაგებია opus mixtum-ის ტექნიკით, გამონაკლისს წარმოადგენს აფსიდა, რომელიც თლილი კირქვით არის ნაგები (გარდა ცენტრალური აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილის ფრაგმენტისა, სადაც აგურის წყობაა გამოყენებული). მშენებლობისას გამოყენებულია თავისებური ელემენტი – კერამიკული ყუთები, რომელთაც შესაძლოა, ანტისეისმური

46
დანიშნულება ჰქონდათ. ალაჰაძის ბაზილიკას ელინისტური ტიპის ბაზილიკის ნიშნები ახასიათებს. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ნივნივისებური გადახურვა, ნართექსის არსებობა, შუა ნავის სიმაღლე გვერდითებთან შედარებით; ხმელთაშუაზღვის ელინისტური ბაზილიკებისაგან ალაჰაძის ბაზილიკა განსხვავდება მასიური ბოძების არსებობით (ნაცვლად კოლონებისა), რომლებიც თაღებს უკავშირდება და არა არქიტრავს [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].

Opus mixtum-ის წყობით ალაჰაძის ბაზილიკა ანალოგებს პოულობს დასავლეთ საქართველოს ამავე პერიოდის ძეგლებთან – პიტიუნტი, ანაკოფია, გიენოსი, არქეოპოლისი, პეტრა, ვაშნარი. ეს წყობა, საერთოდ, დამახასიათებელია შავიზღვისპირეთის ელინისტური ბაზილიკებისათვის [Леквинадзе В., 1973, с. 177]. დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში უმთავრესად გამოიყენება ბოძები, და არა კოლონები [Леквинадзе В., 1970, с. 168; Закарая П., 1983, с. 8]. აგურისა და კვადრების შერეული წყობა და თაღებში მხოლოდ აგურის გამოყენება, ალაჰაძის ბაზილიკას აკავშირებს მცირე აზიის გვიანანტიკურ არქიტექტურულ ტრადიციებთან.

მასიური ბოძები, მძლავრი კედლები (დასავლეთის კედელი 1,8 მეტრს აღწევს სიგანეში), ნართექსის ფორმა, კედლის წყობაში კერამიკული ყუთების გამოყენება ამ ძეგლის ინდივიდუალურ ხასიათზე მიუთითებს. ძეგლი VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება [Хрушкова Л., 1990, с. 45-50; Хрушкова Л., 1985, с. 66].
ალაჰაძის №2 ეკლესია №1 ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა. №2 ეკლესიამ დაიკავა №1 ეკლესიის მხოლოდ

47
ცენტრალური ნავი. სწორედ ეს ეკლესია აღმოჩნდა 1970-1971 წწ. გათხრების შედეგად. ეს ეკლესიაც სამნავიანი ბაზილიკაა, ერთი აფსიდით (ტაბ. I,7), უორნამენტო ფასადით და ორფერდა გადახურვით. მისი დათარიღება შეიძლება მიახლოებით VIII-IX სს-ით. მან უფრო ხანგრძლივად იარსება, ვიდრე პირველმა ბაზილიკამ. ეს კამაროვანი ბაზილიკა ნართექსის გარეშე გამოხატავს ბაზილიკური ფორმის ევოლუციის პროცესს, ბაზილიკაში "ელინისტური" ნიშან-თვისებები ადგილს უთმობენ "აღმოსავლურს" [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].

ალაჰაძის №3 ეკლესია აიგო მაშინ, როცა №2 ეკლესია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. იგი განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ტიპს, ოთხი საყრდენით. ნაგებობის გარეთა ზომებია: 20,7X11,6 მ. აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია სამაფსიდიანი სკურთხეველი. აფსიდები გარედან ნახევარწრიული ფორმისაა, შიგნიდან კი ნალისებური. სამივე აფსიდას ჰქონდა ბემა. ეკლესია ნაგებია თლილი კირქვისაგან, თაღებში გამოყენებულია აგური. აქაც გვხვდება კერამიკული ყუთები, რომლის შესახებ ჯერ კიდევ პ. უვაროვა აღნიშნავდა [Уварова П., 1894, გვ. 11], მაგრამ ისინი უფრო უხეშადაა შესრულებული, ვიდრე №1 ეკლესიაში აღმოჩენილი ყუთები.

დეკორატიული დეტალებიდან შემორჩა მხოლოდ ქვა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესია შეიძლება დათარიღდეს X ს-ით. იგი აფხაზეთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების ჯგუფს განეკუთვნება (ბზიფი, ლიხნი, ანაკოფია, მოქვი, ბიჭვინთა). განსაკუთრებით უახლოვდება ლიხნის ეკლესიას [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].

48
ალაჰაძის არქიტექტურულ კომპლექსში კარგად აისახა აფხაზეთის საკულტო ხუროთმოძღვრების ევოლუციის ძირითადი ხაზები: ელინისტური ტიპის ბაზილიკიდან ვითარდება კამაროვანი ბაზილიკა, აქედან კი – ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც შემდგომში წამყვან და გაბატონებულ ტიპად იქცა.

კიდევ ერთი, ადრე შეუსწავლელი, ქრისტიანული ტაძარი გაითხარა 1995 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში ზღვიდან 200 მ დაშორებით. ტაძრის კედლები ერთიდან სამ მეტრამდეა შემორჩენილი. გეგმა სრულად არ იკითხება. ტაძრის შიგნით გაითხარა რამდენიმე სამარხი, აქვე აღმოჩნდა ერთი რკინის და ერთიც ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, არქიტექტურული დეტალები, ფილაქვა ჯვრის გამოსახულებით. გამთხრელის მიერ ტაძარი IV-V სს-ით თარიღდება [Барцыц Р., 2003, ¬გვ. 223-227].

ბიჭვინთის ნაქალაქარსა და ბიჭვინთის "ქვეყანაში" გამოვლენილი ქრისტიანული ტაძრების სიმრავლე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობაზე ქრისტიანული თემის გავლენის ზრდის და გარკვეული დემოგრაფიული აღმავლობის მანიშნებელია.

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები