პოლიტიკა

ვერშბოუ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე: ეს ყველაფერი მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი გაიღოს

22.05.19 11:45


აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.

ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით მზარდი დინამიკა აქვს – იქნება ეს ნატო-საქართველოს სწავლება თუ მრავალეროვნული სწავლებები.

დისკუსიაზე, ასევე, აღინიშნა, რომ, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„წელს ჩვენ გვექნება დასავლეთ საქართველოში მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სწორედ ამ მასშტაბსა და დინამიკას უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნების რაოდენობითა და სწავლებაში სხვადასხვა ელემენტის ჩართულობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ კონტექსტში მხარეებმა ერთმანეთს სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ, სტრატეგიული ამოცანის განსახორცილებლად, რაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას გულისხმობს, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

„ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს, რომ თავდაცვის ძალები მაღალ პროფესიონალურ დონეზე განავითაროს და ალიანსთან სრულიად თავსებადი გახადოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი გაიღოს. ეს კი ალიანსის მხრიდან 2008 წლის დაპირებაა“, – აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები