პოლიტიკა

ნატო-საქართველოს მორიგი მასშტაბური სწავლება და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება აშშ-სთან - რა შეხვედრებს მართავს ქართული დელეგაცია აშშ-ში

22.05.19 13:30


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. „ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და ნატოს სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობის საკითხებიც განიხილეს, სადაც თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

მანამდე ლევან იზორიამ აშშ-ში, ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბბინაში შეხვედრა გამართა. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე. მინისტრის თქმით ნატო-საქართველოს მორიგი სწავლება მასშტაბებით განსხვავებული და სხვადასხვა ელემენტისგან შემდგარი იქნება, როგორიც არის ამფიბიური და სახმელეთო კომპონენტი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები