საზოგადოება

სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შემცირდება

10.06.19 11:30


სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა.

ჩხეიძის განმარტებით, დღეს სახელმწიფო ჯილდოები დიდი რაოდენობითაა. ამასთან, სტატუტები ერთმანეთს ფარავს, რაც ჩხეიძის თქმით, ერთიან ჰერალდიკურ კანონიკაში უნდა მოექცეს.

„სახელმწიფო ჯილდოები არის ძალიან დიდი რაოდენობით. ხშირად სტატუტები ფარავს ერთმანეთს და ერთიდაიგივე სფეროში გაიცემა სხვადასხვა ჯილდო. მაგალითად, ლიტერატურაში ან ხელოვნებაში შეტანილი წვლისისთვის არის რადენიმე სახეობის ჯილდო, ეს რა თქმა უნდა, შესამცირებელია. სტატუტები არის დასახვეწი, გასაერთიანებელი და ჯილდოების სტილიც უნდა მოექცეს ერთიან ჰერალდიკურ სტილში.

ამასთან, ჯილდოს რომ დახედავთ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო. ის უნდა შეიცავდეს სახელმწიფოს ფერს და სახელმწიფო სიმბოლოებს. დაცული უნდა იყოს იერარქიაც. არ შეიძლება სახელმწიფო ჯილდოებში ჩანდეს ისტორიულობა და არა იერარქია. დღეს სწორედ ისტორიულობა ჩანს, რა როდის და ვის მიერ არის შექმნილი სხვადასხვა ეპოქებში. ესეც დასახვეწია.

რომელი ჯილდო შეიძლება შეიცვალოს, ამას ვერ გეტყვით, რადგან საკითხს მუშაობა სჭირდება მთავრობასთან და პრეზიდენტთან. ჩვენ შეგვიძლია წინადადებები შევთავაზოთ, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. მაგალითად, ლიტერატურის დარგში გაიცემა რამდენიმე ჯილდო, ასევე ხელოვნების და მეცნიერების დარგებში, ასევე არის სახელმწიფო გმირის ორდენი. არის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ორდენები.

რაც შეეხება ლიტერატურის დარგში გაცემულ ჯილდოებს, ესეც ერთიან ჰერალდიკურ კანონიკაშია მოსაყვანი. დასადგენია მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ორდენი რით განსხვავდება რუსთაველის ჯილდოსგან და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნე, არ შეიძლება სტატუტები ერთმანეთს ფარავდეს.

მაგალითად, ლიტერატურის დარგში არ შეიძლება რამდენიმე ჯილდო იყოს, ასევე, მამაცობისთვის იყოს რამდენიმე ჯილდო, თავდადებისთვის, გმირობისთვის და ა.შ. თუ სტატუტები მეორდება, მაშინ ხარისხობრივად იყოფა. მაგრამ ისე, რომ ერთიდაიგივე ხარისხი ჰქონდეს და ერთიდაიგივე სტატუტი იყოს, არ შეიძლება. ახლა ერთიდაიგივე ჯილდოს სტატუტი ერთმანეთს ფარავს. ამის გაერთიანება შეიძლება“, - განაცხადა ჩხეიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს - დროშას და გერბს, დავით ჩხეიძის განცხადებით, მას არავითარი ცვლილება არ ეხება.

„ქვეყნის ხუთჯვრიან დროშას და გერბს არავითარი ცვლილება არ შეეხება.

რაც შეეხება სხვა დაწესებულებების სიმბოლოებს, რომელ უწყებებზეც არ არის ჩვენი დასკვნა გაცემული, მათ 5 წლის განმავლობაში უნდა გადაამტკიცონ თავიანთი სიმბოლოები. ბევრ უწყებას ეს გასაკეთებელი ექნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა აბსოლუტურად გამართულია, ასევე გამართულია კონტროლის პალატის მიერ შექმნილი გერბი, ასევე დიდი ხანია საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს დიდ სახელმწიფო გერბს, რაც აბსოლუტურად გამართულია. ასევე დაიხვეწა და საერთო სტილში ჩაჯდა თავდაცვის სამინისტროს გერბი“, - აღნიშნა ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, ახლა დასრულდა მუშაობა და 2019 წელს ძალაში შევიდა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონი. ასევე მიმდინარეობს ჯილდოების გამოყენების კანონზე მუშაობა. ჩხეიძის თქმით, არსებობს 5-წლიანი ვადა, რა ვადაშიც ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, რაც 2022 წელს იწურება.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები