საზოგადოება

სამირა ბაირამოვა და ტოზუ გულმამედოვა ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოების პრობლემებზე

11.06.19 11:15


სამოქალაქო აქტივისტებმა, სამირა ბაირამოვამ და ტოზუ გულმამედოვამ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ოფისში პრესკონფერენცია გამართეს და აზერბაიჯანულ თემში გოგოების მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც სამირა ბაირამოვა ამბობს, არასრუწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე სამართალდამცავები ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემთან სათანადოდ არ მუშაობენ:

“ეს არ არის ამ თემის ტრადიცია. თუმცა პოლიციაში უყურებენ, თითქოს ეს ამ თემის წესია და ვერ შეცვლიან. იმიტომ, რომ ორი- სამი დღის მერე რიგდებიან ოჯახები. ჩვენთვის მთავარი დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობაა და მის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც გოგოს გატაცებაზე ოჯახს განცხადება შეაქვს პოლიციაში და არ არეგისტრირებენ”, – ამბობს აქტივისტი.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მოძალადეს იჭერენ, თუმცა მას საპროცესო გარიგების საფუძველზე ათავისუფლებენ. სამირა ბაირამოვა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით კანონმდებლობა გასამკაცრებელია და ძალადობის საქმეებზე საპროცესო გარიგების შესაძლებლობას კანონი არ უნდა ითვალისწინებდეს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ამ კუთხით აქტივისტები ასახელებენ, პოლიციის მხრიდან რეაგირების არქონაა. ამის მაგალითად თოზუ გულმამედოვა ერთ-ერთ შემთხვევას იხსნებეს, როცა გამოძიება 3 წელი გრძელდებოდა, თუმცა ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ეს საკითხი მედიაში გაშუქდა:

“ამ ბოლო ამბებმა გვაჩვენა, რომ გოგო 3 წელი მოძალადესთან სამართლებრივად იბრძოდა. ცდილობდა სწავლის გაგრძელებას, უმაღლესში ჩაბარებას, მაგრამ ჩვენ ვეღარ დავეხმარეთ ამ გოგოს. ბოლოს შეეგუა იმ რეალობას, მეორედ რომ მოიტაცეს, დათანხმდა და ქორწილიც გადაიხადეს. როგორც მითხრა, რეალობას დავთანხმდიო. სამი წლის განამვლობაში ეძებდნენ ამ კაცს, მადლობა ღმერთს, ვიღაცამ გააშუქა და მეორე დღეს იპოვეს ბიჭი და დააკავეს. სანამ ეს გოგო იბრძოდა, ვერ იპოვეს, მაგრამ [ამბის გაშუქებიდან] ორ დღეში მიაკვლიეს.

ჩვენი გოგოების ბედი დიდად არავის აინტერესებს. თუ ის კაცი სადღაც იმალებოდა, ან გოგოს როგორ მოიტაცებდა მეორედ შუა სოფლიდან, ან ქორწილს ხომ ვერ გადაიხდიდა”, – ამბობს გულმამედოვა.

მისი თქმით, პრობლემურია სახელმწიფო სერვისების არქონაც. ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფო მხოლოდ 6 თვით თავშესაფარში განთავსებას სთავაზობს და რადგან ენისა თუ სხვა ბარიერების გამო ძალადობის მსხვერპლი გოგოები მომავალს ვერ ხედავენ, მოძალადეზე გათხოვებას არჩევენ:

“სოციალური მუშაკი რას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს? ექვსთვიან თავშესაფარს? წარმოიდგინეთ 14 წლის გოგო, რომელზეც იძალადეს და სახელმწიფო სთავაზობს 6 თვით თავშესაფარში მოთავსებას, ამის იქით მომავალი არ ჩანს. რომ გამოვა, ვერ დასაქმდება, ენა არ იცის, დედაქალაქს არ იცნობს, რა უნდა ქნას, როგორ იარსებოს? სხვა შეთავაზებაც ხომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, რომ ამ გოგოებს მართლა დაეხმაროს და არა ფორმალურად”, – ამბობს გულმამედოვა.

აქტივისტები ასევე აღნიშნავენ, რომ კულტურული და საგანმანათლებლო სერვისების არარსებობის გამო, ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში ზოგჯერ გოგოები თავადაც თანხმდებიან ადრეულ ქორწინებაზე, რადგან განსხვავებულ მომავალს ვერ ხედავენ:

“არის სოფლები და თემები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაა და ეს ადამიანები არც ერთხელ არ არიან დედაქალაქში ნამყოფი. ზოგმა არც კი იცის, რომ მათი სამშობლოს დედაქალაქი თბილისია. ზოგჯერ გოგონები თვითონ არიან თანახმა ადრეულ ქორწინებაზე იმიტომ, რომ გარემო არ არის შექმნილი აზერბაიჯანელი გოგოებისთვის, რომ მიიღონ განათლება, ენა ისწავლონ და კულტურულ აქტივობებში ჩაერთონ”, – ამბობს ბაირამოვა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები