პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა: შეხვედრები, რომლებიც აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრემიერს ჰქონდა, არის უდავოდ ნაყოფიერი და წარმატებული

11.06.19 13:35


„უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

„ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ და ურთიერთობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, საბედნიეროდ ეს უკვე სიახლე აღარ არის, თუმცა ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არც ის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა არის მუდმივად მზარდი.

ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი, ნამდვილად არ არის სიახლეები, ამას ასევე ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა და ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან გამოხატულა საქართველოსთან მიმართებაში.

ჩვენ ამერიკასთან გვაქვს სერიოზული მიღწევები, განსაკუთრებით უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით.

ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორმხრივ დღის წესრიგში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და გაფართოება. სწორედ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი ამოცანა და უნდა აუცილებლად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის შეხვედრები, ვიზიტის ფარგლებში რაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, რომელიც კიდევ გრძელდება, არის უდავოდ ნაყოფიერი და წარმატებული და ამას ცხადყოფს ის გამოხმაურება, რაც ამერიკის ბიზნეს წრეებიდან ჩვენ დავინახეთ ამ ვიზიტის ფარგლებში.

შეერთებული შტატების პოლიტიკურ თუ ბიზნეს წრეებში საქართველო პოზიციონირებს როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების რეგიონული ცენტრი.

ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში გახდეს ტექნოლოგიების და ინოვაციების რეგიონული ცენტრი და საკვანძო ქვეყანა რეგიონში. ამაში დაგვეთანხმა და მხარს გვიჭერენ სილიკონ ველის უმსხვილესი კომპანიები.

განსაკუთრებით მახარებს, ამავე ჭრილში უნდა აღვნიშნო, ქართველი ახალგაზრდების და სტუდენტების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაში და ამან ჩვენ ნამდვილად უნდა მოგვცეს უფრო მეტი ბიძგი და თავდაჯერებულობა, რომ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. აქვე უნდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს უნივერსიტეტის უდიდესი წვლილი ამ მიმართულებით, სადაც ასობით ჩვენი სტუდენტი იღებს განათლებას და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ინოვაციები, ტექნოლოგიები და განათლების მაღალი ხარისხი არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პირობა. დღეს საქართველოში ოპერირებს 200-მდე ამერიკული კომპანია, თუმცა ის გამოხმაურება, რაც ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დიდი მხარდაჭერა ამ მიმართულებით გვიქმნის იმის მოლოდინს, რომ ამ კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალში. ბევრი დამეთანხმებით, ამერიკული კომპანიების მოზიდვა და ინვესტიციების მოზიდვა არ არის მარტივი საქმე, თუმცა, ამ კუთხითაც საქართველო ამერიკისთვის ხდება ახალი პარტნიორი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი განაპირობა უდავოდ ჩვენმა სწორმა რეფორმებმა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური მიმართულებით და ასევე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებამ.

მე მინდა, წარმატება ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, რომელიც აგრძელებს თავის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი დონის და ასეთი მასშტაბის ვიზიტი ყოველთვის, როდესაც წარმოაჩენს საქართველოს როგორც სანდო და წარმატებულ პარტნიორს, უდავოდ არის ქვეყნის წარმატება“, - განაცხადა ქაცარავამ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები