პოლიტიკა

საგამოძიებო სამსახურში იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი შედგა

11.06.19 13:50


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში ყალბი ფულის (ყალბი ევროს ბანკნოტების) გამოვლენის და მათი მიმოქცევიდან ამოღების მიმართულებით განხორციელებულ სამართლებრივ ღონისძიებებზე და ამ სახის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე. იმსჯელეს ევროკავშირის ქვეყნებში ყალბი ფულის დამზადებასა და გასაღებასთან დაკავშირებული დანაშაულის სტატისტიკაზე და აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში მიმოქცევაში არსებული ყალბი ფულის - ეროვნული და უცხოური ვალუტის არსებობა საფრთხეს უქმნის საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებს და სერიოზულ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს. ამდენად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი სამსახურების ეფექტიანი საქმიანობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მომავალში განსახორციელებელ აქტივობებს და ამ მიმართულებით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობას. ასევე, იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.

იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები