პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია

18.06.19 11:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საპენსიო ფონდის შექმნა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ხანდაზმული ადამიანები ქვეყანაში ღირსეულად შეხვდნენ სიბერეს.

რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება საპენსიო რეფორმის გამო და ამ პროცესს ნამდვილი ძარცვა უწოდა.

გასულ კვირას საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ აღნიშნა, რომ დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობამ დარეგისტრირებულთა დაახლოებით 10% შეადგინა. მისი სიტყვებით, ამჟამად საპენსიო ფონდში მობილიზებულია 240 მილიონი ლარი.

1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სისტემის დატოვება შეეძლოთ ადამიანებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე უკვე შეუსრულდათ 40 ან მეტი წელი. ფონდიდან გასვლის უფლება სულ 294,9 ათას ადამიანს ჰქონდა. მსურველებს შესაბამისი განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეეძლოთ.

როგორც ამას წინათ საპენსიო ფონდის დირექტორმა განაცხადა, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს. მეორე კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები