პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია

18.06.19 12:00


აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა, (Sec. 1246. SENSE OF SENATE ON UNITED STATES PARTNERSHIP WITH THE REPUBLIC OF GEORGIA), რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს. ამასთან, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

„2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის ტექსტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშროლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

ასევე ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ალიანსისთვის.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას, ისევე როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები