საზოგადოება

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

18.06.19 13:45


გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (Rec Caucasus) ორგანიზებით ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა. გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის საკითხებზე, ამ კუთხით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის „გაუდაბნოება ჩემს მხარეში“ გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.

ესეები კონკურსი „გაუდაბნოება ჩემს მხარეში“ მიზნად ისახავდა გაუდაბნოების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სართიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ესეების სახით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა გაუდაბნოების პრობლემაზე. კონკურის თითოეულ მონაწილეს გადაეცა წამახალისებელი პრიზები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებული სამი ესეს ავტორები დაჯილდოვდნენ ბიბლუსის ვაუჩერებით.

მონაწილეებმა პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმდებარედ გაშენებული ქარსაფარი ზოლები დაათვალიერეს.

გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება იმ ქვეყნებში, რომლებიც გაეროს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები