პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

18.06.19 15:15


საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა.

ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული გახდა.

„ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გაატარა 2012 წლიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანია. უმთავრესი ცვლილება, რაც ჩვენმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ის, რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ადამიანზე, ჩვენს მოქალაქეზე. ყველას კარგად გახსოვთ რა სისტემა ჩავიბარეთ 2012 წლის ბოლოს და რა მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს დღეს. ბუნებრივია, ეს წარმატება უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დათო სერგეენკოს. ადამიანს, რომელმაც შეძლო ამ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა. დაამკვიდრა სტანდარტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვაქვს სიდუხჭირე, ამის მიუხედავად ჯანდაცვის სტანდარტი იზრდება წლიდან წლამდე და მოქალაქეების ხელმისაწვდომობაც ჯანდაცვის სერვისებზე იზრდება ყოველწლიურად. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას“- განაცხადა პრემიერმა და განსაკუთრებით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გამოჰყო და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში რომელმაც C ჰეპატიტი დაამარცხა.

პრემიერმა სისტემის რეფორმის ახალ ტალღაზეც და რეფორმის მიმართულებებზეც ისაუბრა.

„ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და რეფორმები ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ ახალ სამთავრობო პროგრამაში წარვადგინეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც დასახული გვაქვს რეფორმების ახალ ფაზაში, რომელსაც განვახორციელებთ ამ სისტემაში. მათ შორისაა ელექტრონული ჯანდაცვა და სერვისების გაციფრულება, ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდა, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან ჩვენი მხრიდან და ბიუჯეტის მხრიდან იზრდება ინვესტიციები, დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იღებს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ ჩვენ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის და მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რომ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება იმ ხაჯებს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იხდიან სხვადასხვა ტიპის წამლების ყიდვისას. ეს ამავდროულად საქართველოში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია“,- დასძინა პრემიერმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები