პოლიტიკა

მერაბ მეტრეველი - გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი

16.05.16 19:05


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის. მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში წევრიანდება. გადაწყვეტილების შესახებ მერაბ მეტრეველი გაზეთ ”კვირის პალიტრაში”, საკუთარ ბლოგში - ”მერაბ მეტრეველის ფიქრები” წერს, რომელსაც ის მკითხველს თითქმის რვა წლის განმავლობაში, ყოველკვირა სთავაზობდა.

”პროფესიას ვიცვლი! ჟურნალისტიკას ვემშვიდობები და ვემშვიდობები ”კვირის პალიტრის” მკითხველსაც. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებებ თავს, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა.

პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება. ”აუ, რა უნდა, თავს რატომ იფუჭებს?!”, ”პოლიტიკა ბინძური საქმეა!”. იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა, ეს სურვილია”, - წერს მეტრეველი.

მისივე შეფასებით, პაატა ბურჭულაძის ძალა არ არის დამძიმებული ისეთი წარსულით, როგორიც პარტიების უმეტესობას აქვს.

”პაატა ბურჭულაძესაც იმავეს საყვედურობენ - კარგი მომღერალია, ქველმოქმედი, ყველას უყვარს, რა უნდა პოლიტიკაშიო... ყველა გაიძახის, მოგვბეზრდა ერთი და იგივე ხალხი, ახალი სახეები სჭირდება პოლიტიკასო და თუ ვინმე გამოჩნდა, მაშინვე ვეტაკებით - რა გინდა პოლიტიკაშიო. იქნებ გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა”, - აღნიშნავს უკვე ყოფილი ჟურნალისტი.

მეტრეველი ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება იმის თაობაზე, რომ პაატა ბურჭულაძე ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტია და აღნიშნულს ”მითს” უწოდებს.

”რაც შეეხება ”ოცნების” გავრცელებულ მითს, რომ ბურჭულაძე ”ნაციონალების” სატელიტია, გული მწყდება, რომ ”ოცნება” ”ნაციონალებს ჰბაძავს და ცდილობს, მათგან ყველანაირი სიგლახე ისწავლოს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს პარტია არ მომწონს. უაპელაციოდ იარლიყების მიწებება, კონკურენტის ვიღაცის აგენტად გამოცხადება ”ნაციონალების” მეთოდი იყო. ასე მოიქცნენ ისინი, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. მას პუტინის სატელიტის იარლიყი მიაწებეს... ასე რომ, ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ. ჩემი ადგილი არასდროს იქნება ”ნაციონალების” გვერდით...

გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი. იმედია, ყველაფერი გამომივა”, - აღნიშნავს მერაბ მეტრეველი.

მერაბ მეტრეველს, როგორც მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” წევრს, პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები