საზოგადოება

28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება

28.07.16 15:25


28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით, ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელები დაესწრებიან. ასევე, დარგის ექსპერტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პრესკონფერენციაზე მოხდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის მიმდინარეობის შედეგების, C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის კვლევის შედეგების, C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის და სენფორდის სახელმძღვანელო ბუკლეტის - ჰეპატიტის თერაპია - მობილური ტელეფონის აპლიკაციის წარდგენა. ასევე, გაკეთდება განცხადება სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის ინიციატივის შესახებ.

28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ჰეპატიტების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია: ”იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას.

დღესდღეობით 20-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა თუ იცის იმის შესახებ, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100-დან მხოლოდ ერთი ადამიანი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B და C ჰეპატიტებით, რაც 10-ჯერ მეტია აივ-ინფიცირებულთა რაოდენობაზე. გამოთვლილია, რომ 2013 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

„ჰეპატიტი დიდი ხანი იყო იგნორირებული მსოფლიოში, დროა ჰეპატიტების წინააღმდეგ ისეთივე მასშტაბის გლობალური საპასუხო ღონისძიებების მობილიზება მოვახდინოთ, როგორც სხვა გადამდები დაავადებების - აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შემთხვევაში”, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, მარგარეტ ჩანმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირება და ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის.

”სტრატეგია ამბიციურია, თუმცა მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა უკვე არსებობს. მართალია არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მის მკურნალობაში. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა 90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აის/შიდსის დეპარტამენტისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის დირექტორის, დოქტორ გოტფილდ ჰირნშალის განცხადებით, აუცილებელია მედიკამენტებზე მისაწვდომობის სასწრაფოდ გაზრდა.

,,უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, რათა ადამიანები არ კვდებოდნენ ჰეპატიტებით, ეს კი მოითხოვს საჭირო სერვისებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობის სასწრაფოდ გაზრდას ყველასათვის”, - განაცხადა გოტფილდ ჰირნშალმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 2647


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები