პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, მთავარი დასაცავი აღმოჩნდა ქართული პოლიცია, რომელიც ძალიან მძიმე სანახავია

20.06.19 10:30


ძალიან მძიმეა კიდევ ერთხელ ნახვა იმისა, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ქართველ პოლიციელს და ეს ყველასთვის მძიმეა, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებული მოვლენებისა და პოლიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მეთოდურმა შესუსტებამ მიიყვანა სახელმწიფო იმ ვითარებამდე, რომელშიც დღეს არის.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ იყო მიმართული ეს მეთოდური პოლიტიკა, ეს ასე არ იყო. მეთოდურად სუსტდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ფონზე რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც ჩვენი დასაცავია, ეს არის ქართული სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები და რეალურად, ამ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, მთავარი დასაცავი აღმოჩნდა ქართული პოლიცია, რომელიც ძალიან მძიმე სანახავია. ძალიან მძიმე მოსასმენია რიტორიკა, რომელიც მიმართულია პოლიციის წინააღმდეგ და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის არაერთი მომენტის ნახვა, როდესაც ქართული პოლიციის წინააღმდეგ, ძალიან გაადვილდა ქმედებების განხორციელება. ქართველი პოლიციელი არის სახელმწიფოს და მართლწესრიგის დამცველი. დღეს ქართულ პოლიციას სჭირდება ჩვენი, მათ გვერდით დგომა მორალურად და თუ სამწუხაროდ მოხდა და ამის საჭიროება გაჩნდა, ფიზიკურადაც უნდა დავუდგეთ გვერდში. არ შეიძლება ასეთ ვითარებაში იყოს პოლიცია, როდესაც ცხადდება, რომ თურმე პოლიცია ვერ დაიცავს მოქალაქეს. ამ ვითარებაში მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ პოლიციელებიც არიან დაუცველები. მინდა ყველას მოგიწოდოთ - იცოდეთ, რომ პოლიციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის მოყვება ხოლმე ძალიან დიდი არეულობა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ორი ფრთის დაპირისპირებას, სადაც ერთ მხარეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მომხრეები, მეორე მხარეს კი მათი მოწინააღმდეგეები არიან, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება შევიდეს ერთმანეთთან დიალოგში და არა დაპირისპირებაში.

„თუ ამ შეჯახების დროს, ჩვენ გვინდა საქართველო დავიცვათ, ჩვენ უნდა ვიდგეთ ქართული პოლიციის გვერდით, იმიტომ რომ ისინი აღასრულებენ კანონს. პოლიციელებს მორალურადაც უნდა დავუჭიროთ მხარი, ჩვენნაირ რიგით მოქალაქეებს, რომლბიც სახლში უნდა დაბრუნდნენ, შვილებთან და ცოლებთან და გადიან სახელმწიფოს და საქართველოს გულისთვის, რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს. ძალიან მძიმეა კიდევ ერთხელ ნახვა იმისა, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ქართველ პოლიციელს და ეს ყველასთვის მძიმეა, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, ან ერთი ან მეორე მიმართულებით.

ამიტომ სახელმწიფომ უნდა აღასრულოს თავისი ფუნქცია, თუ არ არის შესაძლებელი საზოგადოებრივი დიალოგი, დააშორიშოროს ეს ადამიანები ერთმანეთს. ამ აღსრულებაში კი მუდმივად თითს კი არ უნდა ვუქნევდეთ, არამედ პოლიციას მხარში უნდა ვედგათ სერიოზულად“, - განაცხადა მარგველაშვილმა "ტვპირველის" ეთერში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები