პოლიტიკა

ევროპელი დეპუტატები ევროკომისრებს მიმართავენ და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ თემის დემონსტრაციის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდონ

20.06.19 12:15


ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, საქართველოში პრაიდის ჩატარების საკითხს ეხმაურებიან.

ევროპელმა დეპუატატებმა ევროკომისრებს ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანსა და ვერა იოუროვას წერილობით მიმართეს და სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას გამოხატვისა და ლგბტ თემის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდონ.

„საქართველო პირველი ლგბტ პრაიდის ჩასატარებლად ემზადება, რომელსაც თან ულტრამემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების მუქარა ახლავს, ქვეყნის ხელისუფლება კი ამ ფონზე უარს აცხადებს მსვლელობის მონაწილეები ადეკვატური დაცვით უზრუნველყონ“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ევროპარლამენტარებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასში მონაწილეების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფაზე არ ზრუნავს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქალაქში პრაიდის გამართვის უფლება არ მისცეს, სანაცვლოდ ტერიტორია დედაქალაქიდან 35 კილომეტრის დაშორებით გამოუყვეს. ულტრა-მემარჯვენე ლგბტ ფობიურმა ჯგუფებმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკვე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მარშის ჩატარებას ხელი შეუშალონ, ამიტომ ცხადია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.

ხელისუფლება ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ლგბტ ფობიური ჯგუფის მხრიდან ძალადობისა და მარშის ჩაშლის მუქარა არ უნდა გახდეს მსვლელობის აკრძალვის ან მისი ქალაქგარეთ გადატანის მიზეზი“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები