საზოგადოება

დავით სერგეენკო: პაციენტთა 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა

28.07.16 16:15


შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტთა 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2015 წლის აპრილიდან დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო C ჰეპატიტის პროექტში.

“5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო სამი თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალ გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმე რისკ-ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში მანამდე შესაძლებელი იყო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3000 პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასამდე ადამიანისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ინფიცირებულია ამ დაავადებით საქართველოში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა განხორციელებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა. 28 ივნისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰეპატიტის დღედ გამოაცხადა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები