საზოგადოება

ყაზბეგში ფესტივალი დაარბიეს – ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

25.06.19 11:45


Mountain Set: Kazbegi-ის ფესტივალის ტერიტორიის დარბევის ფაქტთან დაკაშვირებით ფესტივალის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

„ვიზიტორებისა და, ზოგადად, ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოვჩნდით…

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.

ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვითა და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული, არ შეიძლება, ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია..

მივიჩნევთ, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ – ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას. დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციასა და სრულ ინფორმაციას. ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება, მუსიკის მოსმენის, ცეკვისა და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ! #სოლიდარობა #არაძალადობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, მოსახლეობასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ინციდენტი მოხდა, დაზიანდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკაც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები