პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა ევროსაბჭოში: 21-ე საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით

25.06.19 14:30


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობდნენ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

„მე მესმის დებატების მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, თუმცა მინდა, გთხოვოთ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, შეხედოთ ამ საკითხებს იმ ქვეყნების გადმოსახედიდან, რომლებიც დღემდე იტანჯებიან რუსეთის ზეწოლისა და აგრესიის გამო. ჩვენ წარმოვადგენთ აქ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც ათეულობით წელია, ცხოვრობენ უკანონო ოკუპაციის პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ეყრდნობა ჩვენი რამდენიმე კოლეგა ზოგიერთ ისტორიულ ფაქტსა და ეპიზოდს, თუმცა დღეს, 21-ე საუკუნეში, ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ასი ათასობით დევნილი კი დღემდე ელოდება სახლებში დაბრუნებას”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, რუსეთს ოდესმე რაიმე რეკომენდაციის ან საერთაშორისო ვალდებულების შესრულება რომ მონდომებოდა, დავინახავდით მცირე პროგრესს მაინც, თუმცა ამას საერთოდ ვერ ვხედავთ.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების, რეზოლუციების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ ამ ყველაფერს განსჯისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება ევროპაში”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები