პოლიტიკა

ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას დადებითად აფასებს

25.06.19 15:30


საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვდეს საქართველოს მთავრობას, რომ განისაზღვროს პრეზიდენტის როლი იმ დახმარების ფარგლებში, რომელიც უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას", - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა დეესკალაცია, ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები და პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილება შესთავაზა.

მოისწრაფიშვილის განცხადებითვე, ზურაბიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს, რადგან ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მოთხოვნას პასუხობს.

"საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას აფასებს დადებითად, იმდენად რამდენადაც, აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას და ხელს უწყობს ქვეყანაში დეესკალაციას.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პროცესების პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადასაყვანად, ასევე აუცილებელია თბილისში განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მაქსიმალური ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენს ქვეყანაში დაცულია ყველა უცხოელი სტუმრის უსაფრთხოება მიუხედავად ეთნიკური ნიშნისა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სტუმართმოყვარეობა არის საქართველოს ღირსება და ტრადიცია.

"ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც თავის მხრივ სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს კურსს ევროპისკენ. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლონელ კოლეგას პოლონელი ტურისტების დაინტერესებისკენ, ესტუმრონ საქართველოს. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები