პოლიტიკა

კახა კალაძე - ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების

25.06.19 17:30


თუ შემცირდება ტურისტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზე და შემოსავლებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ და ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა.

"მე, როგორც დედაქალაქის მერი, ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო. ამის პარალელურად მეტი სასტუმრო შენდებოდა, მეტი ჰოსტელები, მეტი კაფე-ბარები ჩნდებოდა. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას და იყო მათი შემოსავლის წყარო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი, სამწუხაროა.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა და ამის დამადასტურებელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებია, რომელიც გვაქვს.

ტურისტების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოკუპაციას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩვენ ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ.

„განათლებული, ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ ჩვენ დავზიანდეთ, პირიქით. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური წინსვლით უნდა ვებრძოლოთ. თუ შემცირდება ტურისტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზე და შემოსავლებზე. ასევე ვისმენთ, რომ შეიძლება შეფერხდეს ქართული პროდუქტების გატანა, ესეც ცუდია, თუმცა, ერთად უნდა დავდგეთ და ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის მოგვარება",- განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები