პოლიტიკა

კახა კალაძე - აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფო დახმარების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა

26.06.19 12:20


აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მართლაც დიდი სამუშაო გაწიეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთ ჩვენ მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მოხდა მათი გადაყვანა. მინდა სასწრაფო დახმარების თითოეულ წევრს დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ისინი 24 საათის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავენ, რაც რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, 20-21 ივნისის აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. გულწრფელი მადლობა ამ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა მედიის წარმომადგენლებსაც გადაუხადა მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის.

„დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები