საზოგადოება

კრისტინა აგილერა უკვე საქართველოშია

28.07.16 18:45


მსოფლიო პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა უკვე საქართველოშია — მომღერლის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 27 ივლისს, გვიან ღამით დაეშვა.

ქართველი მსმენელის წინაშე მომღერალი 30 ივლისს ახალი საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე 30 ივლისს წარდგება.

სწორედ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი, რომელიც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ააშენა და სახელმწიფოს გადასცა.

როგორც საინფორმაციო პორტალი 2030 იუწყება, აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს აგილერასტან მიახლოებისა და მით უმეტეს, გასაუბრების უფლება აკრძალული ჰქონდათ.

ცნობილია, რომ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, „საქართველოს რკინიგზამ“ 30 ივლისს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, დამატებითი მატარებელი დანიშნა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25საათზე გავა, ურეკში კი 14:51საათზე იქნება. ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00საათზე და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10 საათზე.

მატარებელი ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.

რაც შეეხება კონცერტის ბილეთებს, კონცერტის ორგანიზატორებმა ასევე მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ახალი კატეგორიის ბილეთები დაამატეს "Silver Ring".

კრისტინა აგილერა „გრემის“ ექვსი და „ლათინური გრემის“ პრემიის მფლობელია.

საერთო ჯამში, მის მიერ გაყიდული ალბომების რაოდენობა 110 მილიონ ასლს აღემატება, რამაც კრისტინა აგილერა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მომღერლად აქცია.

გარდა ამისა, აგილერა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შიმშილთან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის დააჯილდოვა. იგი არის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩი.

კრისტინა აგილერას ძლიერი ვოკალის გამო მერაია ქერისა და უიტნი ჰიუსტონსაც ადარებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები