საზოგადოება

არაქართულენოვანი მასწავლებლების პირველმა ნაკადმა სახელმწიფო ენის კურსი დაასრულა

28.07.16 19:05


არაქართულენოვანი მასწავლებლების პირველმა ნაკადმა სახელმწიფო ენის კურსი დაასრულა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”მასწავლებელთა სახლიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე სახელმწიფო ენის კურსში ჩართულმა მასწავლებლებმა საბოლოო შეფასება გაიარეს. შეფასება წერითი და ზეპირი ნაწილისგან შედგებოდა. კურსში ჩართული 619 ადგილობრივი მასწავლებლისგან, შეფასება გაიარა 572-მა მსმენელმა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შედეგების ანალიზი. საბოლოო შეფასების შედეგად გამოვლენილ წარმატებულ მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ასევე მათთვის დაიგეგმება პროფესიული უნარ-ჩვევების ტრენინგი.

”მასწავლებელთა სახლის” ცნობით, აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლებისთვის წელს პირველად იქნა შეთავაზებული სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების ჩართულობის ზრდას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

კურსის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების (ქვემო-ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) საჯარო სკოლების მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სთავაზობს სახელმწიფო ენის ა1 და ა2 დონეების შესწავლასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ტრენინგების ადგილზე გავლას.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები